ნახე, “ჩელსიმ”?

ვნახე, ვნახე და ახალი სადარდებელი გამიჩნდა.

რა?

რა და მალე ევროპის ჩემპიონატს გააუქმებენ.

რატომ?

რაღა რატომ, “არსენალი”რომ “ჩელსის” შეხვდება, საფრანგეთი და იტალია არ არის? რაღად უნდა ევროპის ჩემპიონატი?

მარტო იტალია და საფრანგეთი რას ეყოფა?

იქედან “ბლექბერნი” და “მანჩესტერი” წამოეშველება თავისი ნორვეგიელებით, იქედან “ვესტ ჰემი” და ვინმეები ხორვატებით და სხვა ვინ თამაშობს ევროპაში ფეხბურთს?

ხო, მაგრამ ინგლისელები?

ინგლისელები “სიტიში” თამაშობენ.

არ მომწონს ეგ ამბავი. ევროპის ჩემპიონატი არ უნდა გაუქმდეს.

ელოდებიან და გააუქმებენო.

რას ელოდებიან?

თამაშგარეს გაუქმებას.

ეგ როგორ შეიძლება?

როგორ და ჩვეულებრივად, გაუქმებული არ არის? ყველა გოლი ან თამაშგარეა, ან თამაშგარე გგონია.

ხუმრობ?

ხუმრობა მაშინ ნახე, ემე ჟაკეს რომ “ლესტერის” მწვრთნელად დანიშნავენ.

არასერიოზული მოსაუბრე ხარ. რა უნდა ჟაკეს ლესტერში?

ოო, ლესტერში ერთი სნუკერის მოთამაშე ცხოვრობს, უფრო სწორად, ბევრი სნუკერის მოთამაშე და იმათ მწვრთნელად იქნება.

სნუკერი რა არის?

ბილიარდია, ეგეთი, ფეხბურთს ჰგავს.

მერე ჟაკეს ბილიარდში რა უნდა?

ფეხბურთი არ უყვარს და ეგებ ბილიარდში მაინც გაიხაროს.

საიდან მოიტანე, რომ ჟაკეს ფეხბურთი არ უყვარს?

აბა ნაკრებში მარტო მძლეოსნებს იწვევს და…

ვინ, ზიდანია მძლეოსანი?

არა, ზიდანი შემთხვევით მოხვდა ნაკრებში.

რას ნიშნავს შემთხვევით?

ბაბუამისი რომ ალჟირიდან გერმანიაში წასულიყო, იქნებოდა საფრანგეთის ნაკრებში?

ეე, ეგ რა შუაშია?

შუაში კი არა, თავშია, შონ დანდი გერმანელია და ოლივეირა ბელგიელი, მეტი რაღა გინდა?

შენ ფიქრობ, რომ ეს ცუდია?

მე ვფიქრობ, რომ ოცი წლის შემდეგ ბელგიის ნაკრებში მხოლოდ კონგოელები ითამაშებენ.

და კონგოს ნაკრებში?

კონგოს ნაკრებში განელები, განის ნაკრებში ტუნისელები, სომხეთის ნაკრებში ქართველები, საქართველოს ნაკრებში სომხები…

კარგი, ნუ გააჭრელე, აკი ევროპის ჩემპიონატი გაუქმდებაო?

არა, არ გაუქმდება, უბრალოდ, ერთდროულად იქნება აფრიკის თასი, რიო დე ჟანეიროს პირველობა, არგენტინის კლაუსურა, სერია A და ევროპის ჩემპიონატი, რაც ჯამში გამოვა მსოფლიო ჩემპიონატი.

და გაზა?

გაზა რა შუაშია?

გაზა რომელ ნაკრებში ითამაშებს? ავსტრიის ცხვრისმპარსავთა ასოციაციის მეორე ნაკრებში.

რატომ?

ოცი წლის შემდეგ გაზა ოცი კილოთი მძიმე და ოცი წლით ბებერი იქნება.

ჭეშმარიტი ფეხბურთელი ხომ არ ბერდება?

და ვინ არის ჭეშმარიტი ფეხბურთელი, გაზა?

16.05.1998

წილი
წინა სტატიადამნაშავე ისევ რამოსია
შემდეგი სტატიასაქართველო: ჯუჯასთვის ჯუჯა, ყაზახეთისთვის – აზერბაიჯანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.