ზინედინ ზიდანი „რეალიდან” იმიტომ წავიდა, რომ ფლორენტინო პერესთან ედენ აზარისა და დავიდ დე ხეას ყიდვაზე ვერ შეთანხმდა — წერს „სანი”, ინფორმაციას კი აწერია „ექსკლუზივი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მან გაიგო და ახლა სხვები მისგან თუ გადაწერენ.
წყარომ, რომელმაც ინგლისურ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა თქვა, რომ ზიდანის გადადგომის წინა დღეს მწვრთნელს და კლუბის პრეზიდენტს ზაფხულის ტრანსფერებზე მსჯელობისას კამათი მოუვიდათ. ზიდანს პერესისთვის დაბეჯითებით უთქვამს, რომ მას „ჩელსისგან” ბელგიელი ედენ აზარის ყიდვა უნდა, პრეზიდენტს კი უპასუხია, რომ მისი მთავარი მიზანი „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას გადაბირებაა. პერესს დე ხეას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა დიდი ხანია სურს. ამაზე რა რეაქცია ექნებოდა ზიდანს ფეხბურთის მოყვარულთათვის იოლი მისახვედრია. ფრანგი ყოველთვის ამბობდა, რომ ის სრულიად ენდობა კოსტა რიკელ კეილორ ნავასს და მეკარეში დიდძალი ფულის დახარჯვა ზედმეტად მიაჩნია.
წყაროს თქმით, კამათი თანდათანობით გაცხარდა და დასრულდა ზიდანის ასეთი სიტყვებით: „საკმარისია. მაშინ თქვენ თავად უხელმძღვანელეთ გუნდს”.
„სანის” ინფორმაციას ინგლისში უეჭველად ექნება გამოძახილი: „ჩელსიში” გაუხარდებათ, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში” დაძაბულობას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი ტრანსფერებში ყოველთვის აქტიურად ერეოდა. უფრო სწორედ, არათუ ერეოდა, არამედ კლუბის განვითარების სტრატეგიას სწორედ სატრანსფერო პოლიტიკაზე აგებდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში „გალაქტიკოს ეპოქა” მისი იდეა იყო. მან მიიყვანა გუნდში თავად ზიდანი, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექემი, ბრაზილიელი რონალდო…
„რეალში” მეორედ მისვლის დროს პერესმა შეიძინა კაკა, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი.
თავის მხრივ, ზიდანი ის მწვრთნელია, რომელმაც „რეალს” ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და ბუნებრივია გუნდის თავის გემოზე დაკომპლექტების სრული უფლება აქვს.
„სანი” წერს, რომ მართალია ზიზუს „რეალიდან” წამოსვლის ხილული მიზეზი პერესთან ხსენებული უთანხმოებაა, მაგრამ შესაძლოა მას სხვა რამემაც უბიძგა. კერძოდ, აშკარა იყო, რომ ყველა მწვერვალის დაპყრობის შემდეგ მაღლა გზა აღარ არსებობდა, მწვერვალიდან ხომ გზა მხოლოდ დაბლა მიდის და ფრანგიც სწორედ ამას გაერიდა.