როგორც ირკვევა სანამ „რეალიდან” წასვლის შესახებ განაცხადებდა, ზინედინ ზიდანმა ერთგვარი სუბორდინაცია დაიცვა და გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს ტელეფონით შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. დანარჩენ ფეხბურთელებს მწვრთნელმა WhatsApp-ით დაუგზავნა შეტყობინება.
ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის მესიჯში ეწერა: „მადლობა ყველაფრისთვის. რომ არა თქვენი თანადგომა ურთულეს წუთებში, ვერაფერს მივაღწევდით. მალე ისევ შევხვდებით. გეხვევით”.
მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების საშუალებით „რეალის” ყველა ფეხბურთელმა გადაუხადა მადლობა მწვრთნელს. ერთადერთი, ვისაც არაფერი დაუწერია, ნაწყენი გარეთ ბეილი იყო, რომელსაც ზიდანი ხშირად არ ათამაშებდა ძირითადში და ეგრეთწოდებულ ჯოკერად იყენებდა ანუ ეფექტურად შეცვლაზე შეყავდა. ასე მოხდა „ლივერპულთან” ფინალის დღესაც.
გადადგომის შემდეგ ზინედინ ზიდანმა გამოაცხადა, რომ ჯერჯერობით ფეხბურთისგან დაისვენებს.
„შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება ბევრს ნაუცბათევად ეჩვენა, მაგრამ მე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მადლობა ყველას, ფანებს, ფეხბურთელებს, კლუბის თანამშრომლებს…” — თქვა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა.