დროის კარგვა სისულელეა. ფლორენტინო პერესი და „რეალის” დირექტორატის წევრები ზინედინ ზიდანის გადადგომიდან ორიოდ საათში ტელეფონს მიუსხდნენ და ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგნენ. „მარკასთვის” დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მათ იმავე დღეს დაურეკეს მაურისიო პოჩეტინიოსა და იოაჰიმ ლიოვს.

პოჩეტინიო პირველია ვისი სახელიც „რეალის” ოფისში გაახსენდათ. თუ არგენტინელი დათანხმდება, ჩათვალეთ, რომ მადრიდელებს გაუმართლათ და ყველაფერი იოლად აეწყოთ. გუშინ დაიწერა, თითქოს პოჩეტინიოს მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გაფორმებულ ახალ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ინტერესს „რეალი” გამოიჩენს, მას შეუძლია ქუდი დაიხუროს და მადრიდში გადაბარგდეს. მერე გაირკვა, რომ ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტი არ არის, მაგრამ არსებობს მწვრთნელსა და „სფურზის” თავმჯდომარეს, დენიელ ლევის შორის ზუსტად ამ შინაარსის ზეპირი შეთანხმება.

რაც შეეხება იოაჰიმ ლიოვს, მას გერმანიის საფეხბურთო კავშირთან 2022 წლამდე ჰქონია კონტრაქტი, ამიტომაც „რეალის” შეფებმა ჰკითხეს, რამდენად დასაშვებად მიაჩნია მისი ადრე გაწყვეტა და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგება.

ახალი მწვრთნელის შერჩევაზე გუშინ შუადღიდან „თეთრების” ბოსები ფლორენტინო პერესი, ხოსე ანხელ სანჩესი და რამონ მარტინესი მუშაობდნენ.

ინგლისურმა პრესამ კი იურგენ კლოპის სახელი ახსენა, თუმცა ეს უფრო ვარაუდია და ჩემპიონთა ლიგის ცოტა ხნის წინანდელი ფინალის გამოძახილს ჰგავს. კიდევ, „სანმა” გაიხსენმა, რომ თავის დროზე „რეალმა” სამჯერ სცადა „არსენალის” ყოფილი თავკაცის არსენ ვენგერის გადაბირება. რამდენიმე დღის წინ თავად ფრანგსაც უთქვამს: „მადრიდის „რეალი” ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, თანაც კვლავ მუშაობა მწყურია. მე მებრძოლი ადამიანი გახლავართ. მინდა საქმეს დავუბრუნდე და ისევ ის ვაკეთო, რაც კარგად გამომდის”.

ასე რომ, თუ პერესი არსენს შეეხმიანება, ის უარს ნამდვილად არ იტყვის.