საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს სადებიუტო რეპორტაჟი ჰქონდა ქუთაისის სპორტის სასახლიდან და არც უნანია: ქომაგმა ნამდვილი თრილერი ნახა და გადამწყვეტმა, მეხუთე შეხვედრამ ჩემპიონის ვინაობა გვამცნო – თბილისის დინამოელებმა ტიტული შეინარჩუნეს და მეხუთედ იჩემპიონეს.
თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და როცა „დინამოს“ ტექნიკური ჯარიმის გამო მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია გაუგდეს, ქუთაისის გადაჭედილ სპორტის სასახლეს ჩემპიონობის იმედი გაუჩნდა.
თბილისელებმა კი სწორედ მანდ იყოჩაღეს და მასპინძლები სამქულიანებით გატეხეს. გამარჯვებულთა შორის ტურპინი გამოირჩა, ვინაც 27 ქულას 11 მოხსნა დაურთო, ქუთაისელი რაითის 20 ქულა კი ამის კვალად ამაო აღმოჩნდა.
გამარჯვებულებს მედლები ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა გადასცეს, ქუთაისელებს კი ვერცხლი ქუთაისელმა ნიკოლოზ დერიუგინმა ჩამოურიგა.