გასული კვირის ერთ-ერთ „სარბიელში“ მსაჯთა შეცდომები იყო ჩამოთვლილი და სათაურად თბილისური ლანძღვა ჰქონდა – მსაჯო, შე მამათმავალოო.

„ფეხბურთი შინ დაბრუნდაო“, – ასეთი ლოზუნგი მოუგონეს ინგლისელებმა ევროპის ჩემპიონატს.

შინ დაბრუნებული ფეხბურთს საუცხოო სტადიონები დაახვედრეს. ეს „ენფილდიო“, „ვალა პარკიო“, „ოლდ ტრეფორდიო“, „უემბლიო“…

დაახვედრეს განთქმული ენამწარე მედია და ინგლისური ლუდი.

„ფეხბურთი შინ დაბრუნდა“, მაგრამ დიდად განსხვავებული იმისგან, როგორიც ამ კუნძულიდან წავიდა ასი წლის წინ.

ინგლისში დაბრუნებული ფეხბურთი ის თამაში აღარ არის ლანკაშირელმა და მერსისაიდელმა ჯეელებმა რომ წამოიწყეს. მე თუ მკითხავთ, ამას ძნელად რომ თამაში დაერქვას. იმიტომ, რომ თამაშში მთავარი მოთამაშეთა არსებობაა.

არსებობა კი არა, თამაშში მთავარი სწორედ რომ მოთამაშეა.

ბოლო დრომდე, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო (ეს აღვნიშნე კიდეც კანტონას მისამართით დაწერილ სვეტში).

და რა ხდება კაპიტალისტურ ქვეყნებში?

ამ მხრივ, კარგი არაფერი.

ევრო-96 გვიჩვენებს, რომ ფეხბურთში (რაც ოდესღაც თამაშად იწოდებოდა) მოთამაშეს დიდი აღარაფერი მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, მას ევალება ირბინოს და მწვრთნელის ფორმულების კითხვა-გაგება იცოდეს.

მთავარი ფიგურები მოედანზე მწვრთნელი და მსაჯი გახლავან. რახან მწვრთნელებისა უკვე ნათქვამი გვაქვს, ახლა მსაჯებისთვისაც გავიმეტეთ ორიოდ სიტყვა.

ასე მგონია, რომ მსაჯები მას შემდეგ გადიდგულდნენ, რაც ჭრელი პერანგები ჩამოურიგეს. საკვირველია პირდაპირ, რაგბის მსაჯებს სულ ჭრელი პერანგები აცვიათ და ასე არ გაყოყოჩებულან.

ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის საქმე ასეა – შენ თუნდა თავი მოიკალი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი მსაჯია. უნდა ბურთს გამოიღებს კარიდან, უნდა პენალტს დადებს, უნდა არ დადებს, ზოგ ოფსაიდს დაინახავს, ზოგს ვერა, ჯარიმაზე თვალებს მოჭუტავს, სათამაშო სიტუაციას წაახდენს, პირველივე წუთზე ყვითელსა გკრავს, გასაგდებს დატოვებს, დასატოვებელს გააგდებს და ასე დაუსრულებლად.

ეს ამბავი გამორჩევით მას შემდეგ გახდა თვალში საცემი, რაც ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. თვითმხილველებმა ინგლისელთა კარგი გატანილი ერთი წესიერი გოლის და ორი მაინც უპირობო პენალტის შენიშვნა მოახერხეს, და ატყდა ხმაური – აი, ინგლისს ქაჩავენო, ყოველთვის ასეო და ა.შ. ახლა მე მაინტერესებს, ინგლისს მაშინა ქაჩავდნენ სქოთებთან პენალტი რომ დაუდეს? თუ ბულგარელებს ქაჩავდნენ რუმინელების წინააღმდეგ, ან ესპანელებს ბულგარელების დროს, ანდა ფრანგებს ჰოლანდიელებთან თამაშში, როცა ნარინჯისფერებს ჯარიმა აჩუქეს, ასპროცენტიანი პენალტის სანაცვლოდ, თუ გერმანელებს ხორვატების წინააღმდეგ, ზამერის გოლამდე ჯარიმა რომ ვერ დაუნახეს, თუ იმავე ესპანელებს, ინგლისის წინააღმდეგ სტოუნს რომ წიხლი სცეს მუხლისთავში?

მოკლედ, ყველას ქაჩავენ ცალ-ცალკე და ერთად. ფსიქოლოგიის ამბავში უფრო მომგებიანია იმის ძახილი „მასპინძლებს ქაჩავენო“, მაგრამ ამით ჩემპიონატის უმთავრესი პრობლემა, საზიზღარი, თავნება, აუტანელი და თამაშის წამახდენელი პრობლემა, არ გადაწყდება.

ეჭვი მაქვს, რომ თავგასულ მსაჯებს დიდი უფროსობა აფარებს ხელს. აბა სხვანაირად როგორ იქნება?

როდის ყოფილა მსაჯი ფეხბურთის იმპერატორი? ესენი მსაჯები კი არა, ვიშინსკის ნაშიერები ყოფლან.

ნახავთ, ამ ნახევარფინალში რასაც დაატრიალებენ. ბარათებს ხომ პირდაპირ ისე არიგებენ, რომ „ივერიის“ კაზინოს კრუპიები გეგონებათ.

მაგრამ ბარათებს ვინ ჩივის.

ეჰაა… მსაჯი რომ პირველი კაცი იქნება მინდორზე…

26.06.1996

 

წილი
წინა სტატიაარ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
შემდეგი სტატიაზიზუ წავიდა… ველით ზიზუს… დიდება ზიზუს!
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.