ზიდანის თავური მატერაცის – უგვანობის პასუხი

მდაბიო რომ გააზნაურდება, ორიდან ერთ გზაზე ივლის: ან ხელახლა მდაბიოდქცევის შიში გაჰყვება და ჟამიდან ჟამზე რაღაცეებს იკადრებს, რომ სოციალურ კიბეზე არ ჩამოგორდეს (უმრავლესთ ეხებათ), ან მთელ თავის განვლილ ცხოვრებას დააფასებს: დედას, მამას, დედმამიშვილებს, ფაველათა უკანა ეზოებს, სადაც მეზობლის ბიჭებთან ბურთს აგორებდა და იტყვის: ჩემია ეს ყველაფერი, ელიტაში კი გავერიე, მაგრამ ცხოვრებაში საკუთარი თამაშის გაგრძელებას ვაპირებ და ჩემი წესები მექნება, მუხლზე ბურთმოხვედრილი და სახეზე ხელაფარებული კუთხურის ალამთან ვერ გავიშოტები რივალდოსავით… დას რომ შემაგინებს, თავურს ვუთავაზებ აფერისტ მატერაცის, თუნდაც მსოფლიო პირველობის ბედი წყდებოდეს.

ზინედინ ზიდანი გააზნაურებულ მდაბიოთაგანია. მამამისი მარსელში საწყობის მუშა იყო, დედა – შვილებს დასდევდა კუდში და მან იცის, რომ პირველ რიგში მშობლებს უნდა უმადლოდეს ბარაქიანად მოხვეჭილ მილიონებს. და მათვე ეკუთვნით მთავარი მადლობაც: კაცად რომ გაზარდეს, თორემ “იუვენტუსის” და “რეალის” ვარჯიშებზე განა ზიზუს არ დაუპირებდნენ საფეხბურთო ყალთაბანდობათა დიდოსტატად ქცევას? ფეხი არ ჩაუვიდოდათ, რადგან ზიდანმა ცხოვრებისგან მთავარი რამ ისწავლა – ნაღდი უნდა იყო!

ამიტომ არის იგი ფეხბურთელობისას ყველას და ყველაფრის მომგები – და თავმდაბალი ადამიანი.

ამიტომ არის იგი უნიკალური მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო მაშინ, როცა კრიშტიანუ იტანდა და მაშინაც, როცა გატანა შეწყვიტა – და ხმა ჩააწყვეტინა დილეტანტებს, რომლებიც გაიძახოდნენ: “რეალს რაღა მწვრთნელი უნდა, გამოვა რონალდო და გაიტანს”.

ამიტომ არ ჰყოლია მიჯრით ათი ცოლ-საყვარელი და მისი პირადი ცხოვრება არასდროს ქცეულა ყვითელი, ან თუნდაც თეთრი პრესის კვლევის ობიექტად. 1994 წლიდან საკუთარი ოჯახი აქვს და დედმაშვილები თუ ხუთნი იყვენ, ოთხ შვილს თავად გაუკვალა გზა ცხოვრებაში.

რატომ წავიდა? რატომ თქვა უარი მორიგ მრგვალ-მრგვალ ხელფასებსა და ბონუსებზე? იმიტომ, რომ ასე უნდოდა. იმიტომ, რომ ზიდანი გახლავთ.

დანარჩენი კი გინდ ყოფილა, გინდა არა, ფლორენტინო პერესის შეწუხებული სახე, მაგალითად, კამერებმა გულმოდგინედ რომ დააფიქსირეს, ვითომ ეს იყო მთავარი დღეის პრესკონფერენციაზე. პერესის ბიზნეს-მარკეტინგი თავის გზას უზიდანოდაც არ დაკარგავს, ფეხბურთს კი ზიზუ დააკლდება და მერე როგორ!

მაგრამ ზიდანი და ფეხბურთი სინონიმებია, ამიტომ დაველოდებით…

ფლორენტინო პერესის წუხილი. როიტერსის ფოტო
წილი
წინა სტატიამსაჯი რომ პირველი კაცი იქნება…
შემდეგი სტატიარეალური თავსატეხი
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია