ჟოზე მოურინიუს ცოცხალი თავით არ უნდა მისთვის სატრანსფეროდ გამოყოფილი 200 მილიონი გირვანქის ნაწილი უელსელი გარეთ ბეილის ყიდვაში გადაყაროს, არადა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი ხელებს იფშვნეტს, მიაჩნია, რომ ამ ზაფხულს ბეილი კლუბის მთავარი შენაძენი უნდა გახდეს.

ასეთ სიტუაციაში „განსაკუთრებულმა” გამოსავალი მოიფიქრა: კეთილი, თუკი მისტერ ვუდვორდს მაინცდამაინც ბეილი უნდა, იყიდოს, ოღონდ სხვა ფულით, ბაზრის თანხას კი თავი დაანებოსო. პორტუგალიელ მწვრთნელს თავისი სია აქვს ჩამოწერილი და იქ რომ გვარები უწერია, ისინი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის მფლობელი.

ასე მაგალითად, მოუს ფრედის და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვა უნდა, თან ამ მოთამაშეებთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

ფრედი 25 წლისაა, ის დონეცკის „შახტარში” გამოდის და გასულ კვირაში თქვა, ჩემი მომავლის განსაზღვრას არ ვიჩქარებ, მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებას დაველოდები, მანამდე კი ვნახავ „მანჩესტერ იუნაიტედი” რას შემომთავაზებსო. პასუხად მოურინიუმ შეფებს აგრძნობინა, რომ ბრაზილიელს ან ახლავე უყიდიან ან გაბრაზდება და საერთოდ არ იყიდის. როგორც ჩანს ულტიმატუმმა გაჭრა და ფრედი უახლოეს დღეებში „ოლდ ტრეფორდზე” ჩავა. მასში 35 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.

23 წლის მილინკოვიჩ-სავიჩი კი „ლაციოს” მოთამაშეა, რომელსაც იტალიელები 87,5 მილიონ გირვანქას აფასებენ.როგორც გითხარით, „განსაკუთრებულს” სერბი ძალიან მოსწონს, მაგრამ ამხელა ფულის (99,7 მილიონი ევროა) გადახდას მაინც არ აპირებს და ამიტომ აქ საქმე ჯერჯერობით ვაჭრობის ეტაპზეა. „იუნაიტედისთვის” ვაჭრობას ის ართულებს, რომ მილინკოვ-სავიჩი „იუვენტუსს” და „მანჩესტერ სიტისაც” უნდა.