ამ ცნობაში მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელთაგან 3:1 დამარცხებული „ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც კიევში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, რადგან მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსთან „ჭიდაობისას” დაშავდა, ნატკენი მხრის სამკურნალოდ მადრიდში ჩავიდა.

ესპანელმა რეპორტიორებმა სალაჰის ვიზიტის ამბავი შეიტყვეს და ფორვარდს აეროპორტში დახვდნენ. მათ სალაჰს უამრავი კითხვა დააყარეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ყველაზე დაჟინებული „ელ ჩირინგუიტოს” ჟურნალისტი გამოდგა, რომელმაც ფეხბურთელს კუდში სდია.

— მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად ხართ?

— როგორ ფიქრობთ, სერხიო რამოსმა განზრახ დაგამტვრიათ?

— რამდენად არის შესაძლებელი რომ მომავალი სეზონიდან „რეალში” გადახვიდეთ?

რეპორტიორის ეს კითხვები სალაჰმა უპასუხოდ დატოვა.

მადრიდის („მარკას” მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით კი ვალენსიის) კლინიკაში სალაჰი აღდგენის კურსებს ჩაიტარებს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად იყოს.

„ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრბის გულშემატკივრები კი სერხიო რამოსზე არიან გაბრაზებულები და ინტერნეტში ონლაინ პეტიცია შეადგინეს — ფიფას ესპანელი ვარსკვლავის დასჯას თხოვენ. პეტიციას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.