ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა მარჯვენა ფეხზე ახალი სვირინგი დაიხატა: ავტომატი M16. ბევრი იტყვის ვისი რა საქმეაო. აბა, ინგლისის იარაღის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებებს ჰკითხეთ. მათ ფეხბურთელის ტატუ არათუ გააპროტესტეს, არამედ თუ ნახატს არ შეიცლის, მისი ნაკრებიდან გაგდებაც კი მოითხოვეს. მათი თქმით ეს ავადმყოფური ტატუა.

იარაღის მოწინააღმდეგეთა კამპანიის აქტივისტი, 63 ლუსი კოპი, შვილმკვდარი დედაა. ის ამბობს, რომ სტერლინგმა თავისი M16-ით ინსტაგრამში (სადაც 3,6 მილიონი მიმდევარი ჰყავს) მოიწონა თავი. არადა ამ ფოტოს აუცილებლად ნახავდა ჯერაც დაუღვინებელი ფსიქიკის მქონე უამრავი ყვაწვილი. ლუსი კოპმა ფეხბურთელს მოუწოდა ან ტატუ წაიშალოს ან ნაკრებს ჩამოშორდეს.

ასეა, ფეხბურთელი საჯარო პირია და ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით მეტი მოეთხოვება. ასე რომ, პრინციპი „ვისი რა საქმეა” ინგლისში ცნობილ პიროვნებებზე სავარაუდოდ ნაკლებად ვრცელდება. მათ ბევრი ბაძავს და პასუხისმგებლობაც მეტი აქვთ.

საინტერესო ფაქტია, რომ 23 წლის სტერლინგის ოჯახი თავადაც იარაღის მსხვერპლია — ამ 21 წლის წინ რაჰიმის მამაც ტყვიით მოკლეს. ამიტომაც არის ბევრისთვის გაუგებარი რატომ დაიხატა ვარსკვლავმა ფეხზე მამის მკვლელობის იარაღი. ზუსტად ის თუ არა, დაახლოებით ისეთი მაინც.

„ორი წლის რომ ვიყავი მამაჩემი ტყვიით მოკლეს. რომ წამოვიზარდე პირობა დავდე — იარაღს ხელში არასდროს ავიღებდი. მე მოედანზე ჩემი მარჯვენა ფეხით ვისვრი და ტატუსაც სწორედ ეს, უფრო ღრმა აზრი აქვს”, — თქვა მოთამაშემ.

ცნობისთვის: ლონდონში, სადაც რაჰიმ სტერლინგი ცხოვრობს, 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღით და დანით უკვე 60 კაცი მოკლეს.