დაპატარავდა მსოფლიო: „რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გერმანულ ფეხბურთში რეკორდი შეიცვალა. მადრიდელთა 28 წლის ნახევარმცველი, ზუსტი პასების დიდოსტატი ტონი კროოსი ჩემპიონთა თასის ოთხგზის მფლობელი გახდა და ამ შედეგით სამშობლოში ისეთ ლეგენდებს გადაასწრო, როგორებიც იყვნენ ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი და ული ჰიონესი — ტრიო, რომელმაც 1970-იან წლებში „ბაიერნის” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ეს 1974, 1975 და 1976 წლებში მოხდა.

კროოსის შესახებ ქების სიტყვები არ დაინანა გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ გიუნტერ ნეტცერმა, რომელმაც „შპორტ ბილდთან” ინტერვიუში თქვა:

„ტონი კროოსი „ბაიერნიდან” წასვლის შემდეგ ძალიან გაიზარდა. როლი, რომელსაც ის „რეალში” თამაშობს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ზინედინ ზიდანი ამას კარგად ხედავს და კროოს ხელს უწყობს. ჩვენი ფეხბურთელის წარმატებაც აქედან მოდის”.

ნეტცერი პირველი გერმანელი გახლდათ, ვინც „რეალში” ითამაშა. მადრიდელთა შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერაც „სამეფო თასი” აიღო, თუმცა ჩემპიონთა თასი არ მოუგია.