
მადრიდის „რეალი“ 50-იანი წლების ისტორიას იმეორებს და ზედიზედ იგებს ჩემპიონთა თასებს. მაშინ იყო, ზედიზედ ხუთჯერ ასწია, ახლა კი ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ, აქედან სამჯერ ზედიზედ, სამივეჯერ დიდი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით… სამეფო გუნდი ჯამში მე-13 დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს… ცხადია, ეს რეკორდია, რომელსაც კარგა ხანი ვერავინ შეწვდება.
მონსტრ-გუნდად იქცა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი „რეალი“ და… კიდევ საჩუქრები სჭირდებოდა?! კიევის სტადიონის ტრიბუნები აშკარად „ლივერპულისკენ“ იყო, ოღონდ, მე-12 მოთამაშე მოულოდნელად „რეალს“ გამოუჩნდა ინგლისელთა მეკარე ლორის კარიუსის სახით. გასაგებია, მტერს და ავს მისი ახლანდელი მდგომარეობა, ძალიან ცოდოა და ფინალის მერე ცრემლებიც მრავლად დაღვარა, მაგრამ ასეთ თამაშს ცოტა სხვაგვარად მომზადებული უნდა შეხვდე.

არ წაუვიდა თამაში კრიშტიანუ რონალდოს, ვისაც ბოლოს შეეძლო გაეტანა და მინდორზე შეჭრილმა ქომაგმა შეუშალა ხელი. სამაგიეროდ, დახატა გარეთ ბეილმა. უელსელი შეცვლაზე შევიდა და ორ წუთში ისეთი მაკრატელა გაიტანა, ზიდანის 2002 წელს ლიგის ფინალში გატანილი დაგვავიწყდა. მატჩის საუკეთესოც ცხადია ის გახდა!
იურგენ კლოპსა და „ლივერპულს“ ყოჩაღ, ფინალამდეც რომ მივიდნენ. თავს ზეემოთ ძალა არ არის და გინდა ქნა, როცა სათადარიგოთა სკამზე ყველაზე კარგი ფეხბურთელი ადამ ლალანა გყავს, საუკეთესო მო სალაჰი კი სერხიო რამოსთან ბრძოლისას დავარდა, მძიმედ დაშავდა და ნახევარ საათსი შესაცვლელი გახდა. სალაჰიანი და უსალაჰო ლივერპული სხვადასხვა გუნდი ყოფილა…
26 მაისი. კიევი. ოლიმპიისკი. 70050 მაყურებელი.
რეალი 3:1 ლივერპული
გოლები: 1:1 ბენზემა (51), 1:1 მანე (55), 2:1, 3:1 (ბეილი 64,83)
“რეალი“: ნავასი, კარვახალი (ნაჩო 37), რამოსი (კ), ვარანი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, რონალდუ, ისკო (ბეილი 61), ბენზემა(ასენსიო 89)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ლივერპული“: კარიუსი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი (კ), სალაჰი (ლალანა 31), ფირმინო, მანე, ალექსანდერ-არნოლდი, მილნერი (ემრე ჩანი 83), ვეინალდუმი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გაფრთხილება: მანე (82)
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

