დღეს, კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ევროპული… უფრო სწორად მსოფლიო საკლუბო სეზონის მთავარი მატჩი. „ლივერპული” „რეალს” ხვდება — გუნდს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ არის ფინალში და წინა სამ შემთხვევაში თასი აიღო.

ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა:„ჩვენ კიევში დიდი საქმეებისთვის ჩამოვედით!” BBC წერს, რომ მერსისაიდელებს სისხლის ყივილი აქვთ, დნმ-ს ეყრდნობიან. თუ ისინი თასს მოიგებენ, ეს მათი მეექვსე ტრიუმფი იქნება ისტორიაში. თუ „რეალი” მოიგებს, ის მეცამეტედ იზეიმებს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში გამარჯვებას და რაც ამჟამად შეიძლება უფრო აქტუალურად ჟღერდეს, ეს იქნება მადრიდელების ზედიზედ მესამე გამარჯვება.

ისევ კლოპი: „ფინალში არავინ გველოდა, მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ, რადგან ჩვენ „ლივერპული” გვქვია. ამ კლუბს დიდი მიზნების დალაშქვრა გენში აქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე „რეალი” ჩვენზე მეტად იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ დამიჯერეთ, თამაში ამ დროს არ მთავრდება, ის ამ დროს მხოლოდ იწყება.

ბედნიერი ვარ ჩემს ფეხბურთელებთან ერთად აქ რომ ვარ. ბიჭები ამას იმსახურებდნენ. მე ამ ბიჭებით ვამაყობ”.

კლოპის კოლეგა, „რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი მადრიდელების მწვრთნელად 2016 წელს დანიშნეს და მას მერე ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ერთხელ კი გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახადა. ფრანგს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს. ბოლო დღეებში გაზეთები და საიტები სულ იმას წერენ, მისი მთავარი პრობლემა საფინალო შემადგენლობის შერჩევა იქნებაო. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ზიზუს ისიც კი ჰკითხეს, ის მოთამაშეები ვისაც არ ათამაშებ ხომ არ გაგებუტებიანო. მან უპასუხა:

„არა, ჩვენთან ასე არ აზროვნებენ. როგორც ისკომ მითხრა, ამაში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ მე, როგორც მწვრთნელს, გადაწყვეტა მომიწევს. „რეალში” ყველა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს: როდესაც თამაში იწყება, ნაწყენი მოთამაშეებიც გუნდის წევრებად თვლიან თავს. ვიღაც აუცილებლად დარჩება მიღმა, ეს ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ის მაინც გუნდის ნაწილი იქნება და საერთო საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

სულ იმას ვიმეორებ, რომ ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე დატოვება მძულს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ფინალს ეხება, მაგრამ მწვრთნელი ვარ და ამას ვერსად გავექცევი. ჩემმა მოთამაშეებმა ეს კარგად იციან.

ფინალში გასვლა უძნელესი საქმეა, მაგრამ ჩვენ გვიხარია, რომ ისევ აქ ვართ. მე ბუნებით მებრძოლი კაცი ვარ, შეჯიბრებაში მონაწილეობა მიყვარს. აქამდე დიდი შრომისა და ნიჭის წყალობით მოვედით. ახლა გვინდა, რომ საქმე წარმატებით დავასრულოთ.

ამბობენ, თითქოს ჩვენ ფავორიტები ვართ. ასე არ არის. ჩვენ ფავორიტები არ ვართ. შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, ეს კი ფეხბურთია.

ფეხბურთში მარტივადაა: მოედანზე ორი გუნდი გადის და შენ უნდა იცოდე რითი შეუძლია მეტოქეს შენი ჯობნა. შემდეგ, უნდა ეცადო, რომ მან თავისი უპირატესობები არ გამოიყენოს.

ჩვენ ყველა მატჩში გვაქვს რთული მომენტები და ხვალაც აუცილებლად გვექნება, მაგრამ შევეცდებით ეს სირთულეები დავძლიოთ”.

და ისევ კლოპი: „მე უფრო დიდი ხანია რაც „ლივერპულში” ვარ, ვიდრე ზიდანი მადრიდში, არადა მას შეუძლია ზედიზედ მესამედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ბევრჯერ მინახავს მისი გუნდის ფანტასტიკური თამაში. ის მებრძოლი ადამიანია“.

მაგრამ, გერმანელი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ დღეს კიევში მისთვის იმოქმედებს პრინციპი: „მესამე და სამართალი”. საქმე ის არის, რომ კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპული” უკვე მესამედ გავიდა ფინალში — ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია 2016 წელზე, როდესაც მერსისაიდელებმა ინგლისის ლიგის თასის ფინალი პენალტებით წააგეს „მანჩესტერ სიტისთან” და სამი თვის მერე ევროლიგის ფინალში დამარცხდნენ „სევილიასთან”.

თუ „ლივერპული” გაიმარჯვებს კლოპი გახდება „წითლების” ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა თასს აღმართავს. აქამდე მერსისაიდელთა ტრიუმფატორი მწვრთნელები იყვნენ ბობ პეისლი (1977, 1978, 1981), ჯო ფეგანი (1984) და რაფა ბენიტესი (2005).

მეორე მხრივ, კლოპს ფინალებში არ უმართლებს. კარიერაში ხუთი ფინალი აქვს წაგებული, მათ რიცხვში 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც ის „დორტმუნდს” ედგა სათავეში და „ბაიერნთან” დამარცხდა.

ზემოთ კლოპის სიტყვები მოვიტანეთ, სადაც ის ამბობს, რომ მატჩის დაწყებამდე წამებით ადრე „რეალი” „ლივერპულზე” მეტად იქნება თავის ძალებში დარწმუნებული. ეს იმიტომ, რომ მადრიდელებს ფინალში თამაშის გამოცდილება აქვთ მეტი. თავად განსაჯეთ, „რეალის” დღევანდელი გუნდიდან 17 ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია… „ლივერპულს” ერთი ემრე ჩანი ჰყავს, ვინც ფინალში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა.

მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ფეხბურთი ფეხბურთია, ფინალი კი ერთი თამაში. ისევ BBC-ს დავესესხებთ — მადრიდელები მერსისაიდელებს გამოცდილებითაც ჯობიან და შემადგენლობითაც, მაგრამ დიდი შანსია მაინც „ლივერპულმა” მოიგოს. ამბობენ, რომ ბევრ რამეს თამაშის პირველი წუთები გადაწყვეტს.

რაც შეეხება ბოლო ამბებს გუნდებიდან: კლოპმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ახალი დაშავებული არავინ ჰყავს. ოდნავ ჯეიმს მილნერს აწუხებდა კუნთი, მაგრამ ის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება და შესაბამისად „ლივერპულის” თერთმეტეულში მოულოდნელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ზემოთ რომ ემრე ჩანი ვახსენეთ, ალბათ სათადარიგოთა სკამზე იჯდება — ზურგის ტრავმა მოუშუშებია.

„რეალის” ამბებიდან საინტერესოა, ითამაშებს თუ არა სასტარტოში გარეთ ბეილი. ნახევარფინალში, „ბაიერნთან” ის ორივე შეხვედრაში სათადარიგო იყო.

გასარკვევია ქარიმ ბენზემას ამბავიც. ფრანგი ამ სეზონში დიდად ვერ ბრწყინავს და ნეტავ შეუწყვილებს ზიდანი მას რონალდუს თუ სხვა ვარიანტს მოიფიქრებს?

ბოლოს კი ცოტა სტატისტიკა:

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ლივერპულმა” ექვს შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. ასეთი რამ სხვა გუნდებმა ვერ მოახერხეს.

ესპანური და ინგლისური გუნდების ბოლო ექვსი ფინალი (სუპერთასებს თუ არ ჩავთვლით) ესპანელებმა მოიგეს.

კრიშტიანუ რონალდუ ფინალების რეკორდსმენია — ოთხი გოლი აქვს გატანილი.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი საგოლე პასი (8) ლივერპულელმა ჯეიმს მილნერმა შეასრულა. საინტერესოა, რომ მეორეზე და მესამეზეც მერსისაიდელები არიან: რობერტო ფირმინო (7) და მოჰამედ სალაჰი (5).