გავიარე ქართული ტელეარხები, თუმცა პრაიმტაიმში სხვას რას ელი? – პოლიტიკური თოქშოუ ნებისმიერი საკმაზით.
მე კი ფეხბურთს ვეძებ.
ჩვეულებრივ ფეხბურთს კი არა – ქართულ სუპერკლასიკოს, ქუთაისის „ტორპედო“ – თბილისის „დინამო“.
შენც არ მომიკვდე. საკლუბო ტელეარხებზე თუ იპოვი… და youtube – ზე
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია ლამის ოცდაათი წელია, ამ გუნდების დაპირისპირებით იყო დაღდასმული და ეს მაშინაც კი, თუ ჩემპიონი მესამე ხდებოდა.
იყო ქუთაისში გადავსებული და თბილისში სანახევროდ შევსებული სტადიონებიც და ეს ჩემპიონატის რიგით შეხვედრებზე.
იყო…
ახლა სტადიონზე მისული ყველა სახელით ცნობს ერთმანეთს (დღევანდელ მატჩს არ ვგულისხმობ). გული მწყდება, მაგრამ ვხვდები, რომ ტელევიზიისთვის მავანი ნაფტალინიდან ამოღებული პოლიტიკოსი უფრო საინტერესოა. იმიტომ რომ ჩვენში ფეხბურთი ისევ მხოლოდ ბურთაობაა და არა სპორტული შოუ, მაყურებელზე რომ გაიყიდება. იმიტომ, რომ თავი ვერ მოვაბით პროფლიგის შექმნას… მიზეზი ბევრია, შედეგი კი ერთი: ეს აღარ არის „ქართული სუპერკლასიკო“, რომელსაც თბილისშიც და ქუთაისშიც ბევრჯერ დავსწრებივარ.
სხვა მხრივ რა?
მონდომებას ვერავის დავუწუნებთ. მე-6 წუთზე კუტალიამ მასპინძლები დააწინაურა და 9 წუთის თავზე კი შულაიამ გაათანაბრა.
25 მაისი. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო 1:1 დინამო
გოლები: 1:0 კუტალია (6), 1:1 შულაია (15)
ტორპედო: კვასხაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი, სარდალეიშვილი (წიქარიძე 62,) თ. კაპანაძე (კუჭუხიძე 78), გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური (ლიპარტია 87)
მწვრთნელი: კ. ჩხეტიანი
დინამო: ბულისკირია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, შულაია, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 72), ნინუა (ქოჩლაძე 75), კიტეიშვილი, ზივზივაძე (ბაბუნაძე 90)
მწვრთნელი: კ. კაჭარავა
გაფრთხილება: ნინუა (54), ლოჩოშვილი (73)
მსაჯი: გ.ყრუაშვილი