ვატო არველაძემ კორონასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვატო არველაძე პოლონურ „კორონაში“ გადავიდა. ტიტულებითა და ავტორიტეტით დიდი ვერაფერი გუნდია, თუმც 20 წლის ფეხბურთლისთვის, რომელსაც ფეხბურთის თამაშის ნიჭი გენებით მოსდგამს, პოლონეთის მერვეადგილოსან გუნდში წასვლა უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ.
დანარჩენს უკვე, რა და როგორ იყო, როგორ დაშორდა ვატო არველაძე თბილისის „ლოკომოტივს“ თავად მისი საუბრიდან შეიტყობთ…

– ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმც არაა გამორიცხული გარკვეული პერიოდი კორონაში კიდევ დავრჩე. გავიცანი მწვრთნელი ჯინო ლატიერი, მომავალზე ვისაუბრეთ, კმაყოფილი დავრჩი, მცოდნე და მომთხოვნი სპეციალისტი ჩანს.
– თბილისის ლოკომოტივი შუა სეზონში დატოვე. პრობლემები ხომ არ შეუქმნიათ?
– არანაირი პრობლემა, რისთვისაც მადლობელი ვარ. დიდი მალობა მსურს გადავუხადო ლოკომოტივის პრეზიდენტს, ბატონ ლექსო თოფურიას, მწვრთნელებს გიორგი დევდარიანსა და ლაშა ჭაღიაშვილს, ასევე თემურ ფოცხვერიას, ვისთანაც ინდივიდუალურად ვემზადებოდი.
– კორონას ინტერესი საიდან წამოვიდა?
– კორონას მწვრთნელს ჩემს შესახებ პირველი ინფორმაცია ვახტანგ იაგორაშვილმა და მიხეილ საჯაიამ მიაწოდეს. დიდი მადლობა ამისთვის. სწორედ მათ გამიწიეს მწვრთნელთან რეკომენდაცია. ადრე, თურმე, ჯინო ლატიერი, გერმანიაში მათი მწვრთნელი იყო. შემდეგ კი კორონას წარმომადგენლები კარგა ხანს მაკვირდებოდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ახლახან მიიღეს. როგორც გავიგე თბილისშიც ყოფილან, ლოკომოტივის მატჩებს ესწრებოდნენ.
– კორონას, ალბათ, დიდ ევროპულ კლუბებში სატრანსფერო ტრამპლინად განიხილავ…
– ოღონდ ჯერ კორონაში უნდა დავამტკიცო, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შემიძლია. უფრო დიდ გუნდებში, დიდ საფეხბურთო ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში სათამაშოდ კი ცხადია, პოლონეთიდან გადასვლა უფრო იოლი იქნება, აგენტებისთვის მუდმივად მხედველობის არეში ხარ.
– მამის უცხოური კარიერა ხომ სწორედ გერმანიაში, კიოლნში დაიწყო…
– რა თქმა უნდა, კარგი იქნება გერმანიაში თუ მომეცემა კარიერის გაგრძელების საშუალება. უძლიერესი საფეხბურთო ქვეყანაა და მოხარული ვიქნები იქაურ გუნდებს თუ დავაინტერესებ. თუმც იქამდე თავი, ცხადია, კორონაში უნდა წარმოვაჩინო.

წილი
წინა სტატიანეტავ რეალმა ყველა თამაში წააგოს
შემდეგი სტატიატოჩიმ თიხაში ჩაარჭო…
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.