
XIII ტური უხვგოლიანი გამოდგა, ჯამში 15 გოლი გავიდა და მე-8 ტურის შედეგი გაიმეორა. რეკორდი კი ჯერჯერობით პირველ ტურს ეკუთვნის – 22 გოლი. ბევრი საინტერესო ამბავიც მოხდა. მაშ ასე:
ისევ ვერ მოიგო „სამტრედიამ“. თუმცა მრისხანე მეტოქე კი ჰყავდა. „დინამომ“ წინა ტურში „ლოკომოტივთან“ წააგო, ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩა და ამჯერად ძნელი დასაჯერებელი იყო ქულები კიდევ დაეკარგა.
„სამტრედიელთაგან“ გამოჩეული ანტე გი გახლდათ. 24 წლის კოტ დივუარელმა რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, გაიტანდა კიდეც. აი, გივი ქარქუზაშვილმა კი დააღალატა თავისიანები – ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიეღო და მოედნის ცენტრში რატომღაც ხელით გააჩერა ბურთი, მსაჯმაც იქვე წითელი აუფრიალა. ორ წუთში ამ ეპიზოდს დინამოელთა ეფექტური გოლი მოჰყვა, დმიტრო ივანისენიამ დაახლოებით 20 მეტრიდან ჯერ ცაციათი აიგდო ბურთი, მერე კი მარჯვენათი ცხრიანში გაუტანა ომარ მიგინეიშვილს. ეს უკრაინელი ლეგიონერის პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.
24 წლის ივანისენია წლეულს თებერვალში გამოჩნდა დინამოში და კონტრაქტი მომავალი წლის ბოლომდე გააფორმა. ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. კრივოი როგში დაბადებულს, დონეცკის „შახტარის“ ყველა ასაკობრივი გუნდი გამოუვლია, თუმცა მთავარში ვერ დამკვიდრდა და ჯერ „ილიჩევეცში“ გაანათხოვრეს, შემდეგ „მარიოპულში“, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით მოხვდა „დინამოში“. ორჯერ მოურგია უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების მაისურა.
მორიგი ბურთი გაიტანა დინამოელთა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა (ის საგოლე პასითაც გამოირჩა) და 7 გოლი მოუგროვდა.
მეორე წრე კარგად დაიწყეს რკინიგზელებმა. წინა ტურში ხომ სენსაცია გამოაცხვეს, როცა თანაქალაქელ „დინამოს“ სძლიეს. ამჯერად კი არც ჩემპიონი დაინდეს და „ტორპედოს“ მინიმალური ანგარიშით მოუგეს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს არსებობდა ასეთი პრიზი – ავტორიტეტთა რისხვა. ამ პრიზს ისეთ გუნდს გადასცემდნენ, ვინც ყველაზე მეტ ქულას აართმევდა ლიდერებს. ახლანდელი ლოკომოტივიც ასეა, სულ 3 მოგება აქვს და სამივე ჩემპიონობის კანდიდატებთან: „საბურთალოსთან“, „დინამოსთან“ და „ტორპედოსთან“.
შაბათს ლაშა ჭაღიაშვილის შეგირდებმა ლუკა კიკაბიძის გოლით მოიგეს და ცხრილში ორი ადგილით აინაცვლეს.
„მიხეილ მესხზე“ დიდი ამბები მოხდა. „ჩიხურამ“ „რუსთავს“ დიდი ანგარიშით მოუგო, თუმცა აქ მსაჯის, ბაკურ ნინუას ქმედებებმა რამდენიმე კითხვა დატოვა. მთავარი – ირაკლი ბუღრიძის პირველი გოლი გახლდათ, რომელიც ერთობ საეჭვო იყო, აშკარა თამაშგარეს ჰგავდა…
39-ე წუთზე ნინუამ „რუსთავის“ კაპიტანი მამუკა კობახიძე საჯარიმოსთან გიორგი ბუხაიძის წაქცევისთვის გააძევა. ბოლო იმედის ჯარიმა გახლდათ და იმიტომ. ამას გიორგი გაბედავას საჯარიმოდან გატანილი ლამაზი გოლი მოჰყვა და ფაქტობრივად, ყველაფერი დამთავრდა.
მეორე ტაიმის დაწყებამდე კი, გუნდები მინდორზე ახალი გამოსულები იყვნენ, როცა აუტის ხაზთან ნინუა და ოთარ მარცვალაძე შელაპარაკდნენ. შედეგად, მსაჯმა რუსთაველი სათადარიგო სკამიდან გააძევა.
საბოლოოდ, საჩხერელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს „მასპინძელ“ რუსთაველებს. თუმცა ამ სეზონში მათ მეტიც მოუხერხებიათ, როცა პირველ ტურში კოლხეთს 6:1 მოუგეს. „რუსთავი“ კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
გაბედავამ დუბლი მიითვალა და 8 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. ეს მე-12 დუბლი გახლდათ წლევანდელ სეზონში. თუმცა, ისიც დავსძინოთ, რომ შარშან, მე-12 ტურის შემდეგ, რკინიგზელ (ამჟამად ჩეხური სლოვაცკოს შემტევ) ირაკლი სიხარულიძეს მეტოქეებისთვის 11-ჯერ გაეტანა.
ტურის მთავარი მატჩი კვირა საღამოს გორში გაიმართა, სადაც „დილამ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა. ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო უკვე გორელთა ლიდერად ჩამოყალიბდა. კვირას მან ჰეთ თრიქი შეასრულა და ერთიც უკრაინელ მიკოლა კოვტალიუკს გაატანინა. ეს ლეგიონერის პირველი ჰეთ თრიქი გახლდათ სეზონში, საერთოდ კი მეორე. პირველად სამი ბურთი გაბედავამ გაუტანა „კოლხეთს“ საწყის ტურში.
გორელ ლეგიონერებზე თითქმის ყოველი ტურის მიმოხილვაში გვიწევს საუბარი და კარგია, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად კვალიფიციური უცხოელები გამოჩდნენ. რიბეიროს გარდა „დილას“ ჰყავს ალვინ ფორტესი, რომელიც ახლანდელი სანაკრებო პაუზისას მშობლიურ კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს საბურთალოელი ფრანგი ვაგნერ გონსალვეში, ასევე ზემოთნახსენები სამტრედიელი ანტე გი.
დილამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ვინძლო საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. რატომაც არა, შემადგენლობა მშვენიერი ჰყავს და ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.
XII ტური: სამტრედია 1:2 დინამო, კოლხეთი 2:0 სიონი, ლოკომოტივი 1:0 ტორპედო, რუსთავი 0:4 ჩიხურა, დილა 4:1 საბურთალო
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
XIII ტური
24 მაისი: საბურთალო – რუსთავი
25 მაისი: სიონი – დილა, ტორპედო – დინამო
26 მაისი: ჩიხურა – ლოკომოტივი, კოლხეთი – სამტრედია
მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 8, ოთარ კიტეიშვილი (დინამო), ლეანდრო რიბეირო (დილა) – 7, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 6, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 5