ანტონიო კონტემ „ჩელსის” შეფებს შეუთვალა: ჩემი გაშვებით თქვენ სერიულ გამარჯვებულს დაკარგავთ!

კვირას იტალიელის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს. მათ ედენ აზარის მიერ 22-ე წუთზე გატანილი პენალტით „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. ზუსტად ერთი წლის წინ კონტეს „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონიც იყო.

არადა უკვე თვეებია ლაპარაკობენ, რომ დამთავრდება თუ არა სეზონი ანტონიო კონტეს „სტემფორდ ბრიჯიდან” გაუშვებენ. იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის” ყოფილმა თავკაცმა თქვა:

„მე სერიული გამარჯვებული ვარ და ეს ისეთ რთულ სეზონში დავამტკიცე, წლევანდელი რომ იყო. ეს ფაქტია. სეზონის ასეთი მოგებით დასრულება ჩემთვის უფრო საინტერესოა ვიდრე ის, რაც შარშან მოხდა”.

ამ სიტყვებით კონტემ, რომელიც წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ გირვანქას იღებს, „ჩელსის” პატრონი რომან აბრამოვიჩი გამოიწვია — მე ზედიზედ ორი წარმატებული სეზონი მქონდა და შენ თუ გინდა გამიშვიო.

იტალიელმა დასძინა: „მე კონტრაქტი მაქვს და კლუბისთვის თავდადებული კაცი ვარ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვების შესახებ „ბარნლისთან” პირველი წაგების შემდეგვე ალაპარაკდნენ, მაგრამ ამით ვერ შემცვალეს. ვინც რა უნდა ის თქვას, მე ჩემი საქმის ერთგული ვრჩები.

ხან ნაკრების მწვრთნელი ვარ, ხან ამ ხან კი სხვა დიდი კლუბის…

ყველა პრეს-კონფერენციაზე ვიმეორებ, რომ „ჩელსის” ერთგული ვარ. ორწლიანი მუშაობის შემდეგ აქ ყველა კარგად მიცნობს. ჩემი, როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის წარსული ყველაფერზე კარგად მეტყველებს. მოკლედ, რაც გინდათ ის თქვით — მე სერიული გამარჯვებული ვარ”.