ჩინელი დიდოსტატი ჟუ ვენჟუნი ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია. ტიტული, საჩემპიონო მატჩში, თანამემამულე თან ჟუნს აართვა, როცა 10 პარტიისგან შემდგარ დაპირისპირებაში 5,5:4,5 მოუგო.
ვენჟუნმა, აწ უკვე ყოფილ ჩემპიონთან ჭიდილის უფლება შარშან, ფიდეს გრან-პრის მოგებით მოიპოვა და მატჩის დაწყებამდე ფავორიტადაც იყო მიჩნეული. პრეტენდენტს წინა წლის წყენაც ახსოვდა: მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც თეირანმა უმასპინძლა და 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა, მეოთხედფინალიდან სწორედ თანამემამულემ გამოაგდო 0,5:1,5.
შეჯიბრს მოჭადრაკეთა ეროვნებიდან გამომდინარე, ჩინეთის ორმა ქალაქმა, შანხაიმ და ჩუნცინმა უმასპინძლა. საქმე იმაშია, რომ ორივე მანდილოსანი ასევე საკლუბო კარიერასაც მისდევს, ვენჟუნი შანხაის საჭადრაკო კლუბში ირიცხება, რომელიც ჩინეთის საჭადრაკო ლიგაში ასპარეზობს, ხოლო ჟუნი ჩუნცინში, China Mobile-ის გუნდში გამოდის.
საწყის ხუთ პარტიაში პირობითი მასპინძელი ვენჟუნი გამოდგა. პირველი შეხვედრა თეთრებით ყაიმით დაასრულა, ხოლო მეორე შავებით მოიგო და მესამეში უკვე ორი ქულით დაწინაურდა. მეოთხეში ჩემპიონმა თეთრებით შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმც მეხუთე წააგო და კვლავ ორი ქულით ჩამორჩა. შემდეგმა ხუთმა პარტიამ ჩუნცინში გადაინაცვლა. “საკუთარ კედლებში” ჟუნი ცოტა გამოცოცხლდა და მეექვსე პარტია შავებით მოიგო, თუმც ეს იყო სულ, მომდევნოებში ვეღარ იყოჩაღა და ზედიზედ ოთხი ყაიმი დაფიქსირდა. ბოლოსწინა პარტიაში ვენჟუნი აქტიურობდა და პაიკიც გაჰყავდა მეტოქის ჩათვლის ხაზზე, თუმც ბოლოს სვლები გაიმეორეს და მე-80 სვლაზე მორიგი ყაიმი დაფიქსირდა. ამით ჩემპიონატს ინტრიგა შემორჩა, თუ ბოლო ტურში ჟუნი შავებით გაიმარჯვებდა ბრძოლა ტაი-ბრეიკში გაგრძელდებოდა.
მე-10 შეხვედრაში ვენჟუნმა დაცვითი თამაში არჩია, მცირე უპირატესობასაც დაუეფლა, 70-ე სვლაზე პარტია ყაიმით დაასრულა და საბოლოო ანგარიში 5,5:4,5 თავის სასარგებლოდ დააფიქსირა.

წილი
წინა სტატიამოურინიუ დატროლეს
შემდეგი სტატიატუხელი ნეიმარს უკვე ელაპარაკა
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.