იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით.
თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა თამაშის შეჩერება და ვიდეორეფერისთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება ორივეჯერ ფრაკფურტის გუნდის სასარგებლოდ მიიღო. მეორე შემთხვევაში საქმე პენალტის დანიშვნა-არდანიშვნას ეხებოდა. ამის შემდეგ კი „აინტრახტმა” მესამე გოლიც გაიტანა.
„ბაიერნის” კაპიტანი თომას მიულერი: „ყველაფერი აშკარად მოხდა. მესმის, რომ დამატებულ წუთებში პენალტი რთული დასანიშნია, მაგრამ ეს ის სიტუაცია არ იყო, რომელზეც იტყვიან ორმოცდაათი ორმოცდაათზეაო. ეს იყო ცხადი დარღვევა. საერთოდ გაუგებარია რატომ გვაქვს მაშინ ვიდეორეფერი”.
„ბაიერნის” სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი: „საკამათო არაფერია, ჩემთვის ეს აშკარა პენალტი იყო”.
„ბაიერნის” მწვრთნელი იუპ ჰაინკესი: „საერთოდ, მატჩის შემდეგ მსაჯობაზე ლაპარაკი არ მახასიათებს, მაგრამ დღეს, როდესაც ვიდეორეფერი გვყავს კარგი იქნება სამართლიან გადაწყვეტილებებს თუ მივიღებთ”.
„ფრანკფურტის” ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი: „მე თამაშის წესი დავარღვიე. რასაკვირველია, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. ჩვენ გაგვიმართლა”.
„ფრანკფურტის” მწვრთნელი ნიკო კოვაჩი: „მე ჩანაწერი ვნახე და უნდა ვთქვა, რომ ეს აშკარა პენალტი იყო”.
გერმანული პრესა წერს, რომ „ბაიერნის” წევრების სიბრაზე, გულგატეხილობა და იმედგაცრუება მეტისმეტად აშკარა იყო. ეტყობა, 28 ჩემპიონობისა და თასზე 18 გამარჯვების შემდეგ ბავარიელებს წაგება დაავიწყდათო.
საქმე ის არის, რომ დაჯილდოების ცერემონიალის დროს დამარცხებული გუნდის წევრები ჩვეულებრივ გამარჯვებულებს ულოცავენ და ტაშს უკრავენ. მიუნხენელთა უმრავლესობას ეს არ გაუკეთებია. მიიღეს თუ არა მედლები ისინი გასახდელში შევიდნენ. „შპორტ ბილდის” აზრით ღირსეული დამარცხებულები მხოლოდ მანუელ ნოიერი და ზემოხსენებული სალიჰამიჯიჩი ყოფილან.
ჰაინკესი: „ნეტავ გერმანიის საფეხბურთო კავშირის რომელიმე წევრს მიეთითებინა ჩვენთვის. მეეჭვება, რომ ეს ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან უპატივცემულობის გამომჟღავნება იყო. უნდა ვაღიარო, რომ იმ მომენტში არც მე და არც ფეხბურთელები ამაზე არ ვფიქრობდით. რომ მივხვედრილიყავი, ბიჭებს აუცილებლად დავტოვებდი მოედანზე”.
„ბაიერნის” ფეხბურთელი მატს ჰუმელსი: „იმას რაც ჩვენ გავაკეთეთ უპატივცემულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს უფრო იმას ჰგავდა, ბატების ოჯახში ერთი რომ წინ წავა და სხვები უკან გაჰყვებიან. ეტყობა, რომელიღაც ჩვენგანი გაუცნობიერებლად წავიდა გასახდელისკენ და დანარჩენებიც გავყევით”.
„ბაიერნის” ფეხბურთელი ჯოშუა კიმიხი: „ცუდად გამოგვივიდა, ბოდიშს ვიხდი. ეს განზრახ არ გაგვიკეთებია, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით”.
„ბაიერნმა” რესტორანში წინასწარი შეკვეთაც გააუქმა. ცუდი ბოლო დღე გამოუვიდა იუპ ჰაინკესს…