ძიუდოს ფედერაციაზე მინდოდა, დამეწერა. იმაზე, რაც ხდება და უფრო იმაზე, რაც არ ხდება. უკვე უსიამოვნოდ ნათქვამზეც და უსიამოვნოდ უთქმელზეც. სპორტის ამ სახეობაში ერთი უდიდესთაგანი რომაა ყველა მნიშვნელობით, ბოლომდე ვერაწონილი და ვერდაფასებული, იმ კაცს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მეპატიოს და თავად ვიუარე, რადგან რაზეც საუბარი იყო საჭირო, ძიუდოს ფარგლებს სცდება.
ახლაც მხოლოდ გულს თუ მოვიფხანთ, თორემ, მეტი რაა?! აღარ დარჩება სპორტული ფედერაციები მმართველი ელიტების ქვეკომიტეტებად? არჩევნებიდან ერთ საათში გადამდგარი პრეზიდენტები აღარ გვეყოლება თუ ოლიმპიადაზე ფანჯრიდან გაპარული ბიჭები? გათენებამდე ნარდის გორების გამო ვერაწონილი ჩემპიონები აღარ გვეყოლება თუ პოლიტმარკეტინგის გამო თამაშგარეში დატოვებული ნიჭიერები?!
პირადად დათო ქევხიშვილზე ერუდირებული და წესიერი სპორტსმენი ნაკლებად მინახავს, მაგრამ დაიბნა ესეც – გამგებლობა, დეპუტატობა, პრეზიდენტობა… ვერ ჩამოყალიბდა…
ლევან კობიაშვილის ფანი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ ვერ გავიგე, სამუშაო დროიდან რომელს რომლის სასარგებლოდ იპარავს – ორივეს ერთად ვერავინ მოერევა…
ჭიდაობაში რაა, უკეთესობაა? ყოველთვის ფუთობით ვზომავდით მედლებს, მაგრამ მსოფლიო ფედერაციაში მაკედონიელებს და ალჟირელებს მეტი გამავლობა აქვთ.
რამდენი სახეობაა (ოლიმპიური), რომელსაც ტრადიცია ჰქონდა და კადრიც გვყავდა, მხოლოდ იმიტომ დავძირეთ, რომ პოლიტიკურად გამჭრიახი თავკაცი არ აღმოაჩნდა. ერთ “პოლიტიკურად გამჭრიახზე” უკვე მოგითხრეთ და 40 მილიონი კი დაჯდა პოლიტლოიალობა…
ყველა საქმეს ცოდნა უნდა. ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონობა კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს. ფედერაციებს კარგი მენეჯერები სჭირდება სათავეში, მწვრთნელებს და სპორტსმენებს მიტინგებზე რომ არ არბენინებენ და საწვრთნელ პირობებზე იზრუნებენ.
თუმცა, რაზე ვლაპარაკობ?! ჩვენ ხომ პარლამენტიც კი სპორტული დიდების დარბაზად ვაქციეთ…
ემე ჟაკე გახსოვთ? ფეოლა? ერერა? დიდი ახალკაცის დიდი ფეხბურთი გაგიგიათ? მესიმ აუცილებლად არგენტინის პრეზიდენტად უნდა იყაროს კენჭი? რონალდუ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას ჩაუდგეს სათავეში? იან ტორპმა და მაიკლ ფელპსმა რაღა ქნან? კარელინმა? ბიორნდალენმა?
აკეთეთ რაც იცით და მსოფლიოში საუკეთესოდ გამოგდით, ოღონდ ჩაეხსენით ამ ინტრიგებს და მერე ხანდახან კი არა, ოცი წელი ზედიზედ გამოგივათ…
წილი
წინა სტატიარატომ იტირა კაპიტანმა?
შემდეგი სტატიასერიული გამარჯვებული
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".