კინაღამ ვიკითხე, გახსოვთ „პარმა“? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ჯიჯი ბუფონის, ფაბიო კანავაროს და ლილიან ტურამის ყოფილი გუნდი ჯოჯოხეთის გავლით იტალიურ სერია A-ში დაბრუნდა.
ეს რეკორდია. „პარმალატის“ კრიზისის შემდეგ გუნდმა უმთავრესი სპონსორი დაკარგა, კლუბის მოპოვებული თასებიც კი გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ ორას მილიონ ევრომდე ვალს ეს რას უშველიდა?!
მერე ახალი იურიდიული პირი შეიქმნა და პრეზიდენტი ნევიო სკალა გახდა და ვიცე-პრეზიდენტი ლეგენდარული ერნან კრესპო… კლუბმა სამოყვარულო ლიგაში 9000 აბონემენტი გაყიდა, მერე კი სამ წელიწადში სამი ლიგით მაღლა აინაცვლა. ჯერ იტალიაში მსგავსი არავის გაუკეთებია.
„სპეციასთან“ 2:0 მოგებამ ეს ოფიციალურად გააფორმა. ყველაზე მეტად იცით, ვინ იტირა? ალესანდრო ლუკარელიმ – სამი გრანდი რომ ეძახდა, მაგრამ „პარმას“ სამოყვარულო ლიგამდე რომ ჩაჰყვა და უკან ამოიყვანა!
ტიროდა 40 წლის კაპიტანი.
„პარმა“ ისევ ელიტაშია…