იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერის საქციელი უპასუხოდ არ დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა შეადგინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან გერმანელ ფეხბურთელთა სია, რომელშიც ბავარიელისთვის ადგილი არ მოიძებნა, რაზეც ვაგნერი გაბრაზდა და თქვა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს არ ვუნდივართ, რადგან ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”. გარდა ამისა 30 წლის თავდამსხმელი ნაკრებს დაემშვიდობა, მანდ მეტად აღარ ვითამაშებო.

ლიოვი: „ვაგნერის უკმაყოფილება მესმის, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მაგრამ დანარჩენი რაც მან თქვა და გააკეთა გამაღიზიანებელი იყო. ეს მე მივიღე, როგორც სხვა ფეხბურთელების, მისი კოლეგების კრიტიკა. ვაგნერი გერმანიის ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც საუკუნეა ჩვენთან თამაშობენ ისე მოეპყრა გეგონება ისინი იდიოტები ყოფილიყვნენ”.

იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერი ბუნდესნაკრებში სულ რვაჯერ გამოიძახა, თუმცა ფორვარდმა ამ რვა შეხვედრაში იყოჩაღა და ხუთი გოლი გაიტანა. ლიოვი ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან უდგას სათავეში.