ჯეკ უილშერმა თქვა, რომ გარეთ საუთგეიტი შეცდა, როდესაც ის ინგლისის ნაკრების სარუსეთო განაცხადში არ შეიყვანა. ფეხბურთელმა თავისი მოსაზრება ტვიტერზე დაწერა.

„არსენალის” ნახევარმცველმა თავს წარმოუდგენლად გულგატეხილი უწოდა და განმარტა: „მთელი სეზონის განმავლობაში ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი და მწვავედ ვთამაშობდი, ამიტომაც მწამს, რომ საუთგეიტს გუნდში უნდა შევეყვანე”.

26 წლის მოთამაშემ არც ის დამალა, რომ სანამ თავისი მოსაზრების საჯაროდ გამოხატვას გადაწყვეტდა, ბევრი იფიქრა:

„ვგონებ კარგი დროა საიმისოდ, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა”, — დაწერა მან.

ინგლისელთა მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი კი ფეხბურთელების შერჩევისას ასეთი მოსაზრებით ხელმძღვანელობდა: მან სიაში არ შეიყვანა ის მოთამაშეები, ვისაც ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა. საუთგეიტს არ უნდა გარისკოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე იყოლიოს ხალხი, რომელთაც შეიძლება ჯანმრთელობამ უმტყუნოს.

უილშერისთვის ეს არგუმენტი ძნელი მისაღები გამოდგა. მან დაპოსტა:

„შანსი რომ მოეცათ, შეიძლება გუნდის თამაშში მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა”.

არსენალელი მიიჩნევს, რომ ასეთ კარგ ფორმაში ბოლო რამდენიმე წელიწადია არ ყოფილა. და მაინც, როგორც ჩანს საუთგეიტი მისი სტაბილურობით უკმაყოფილოა. მან არჩევანი „კრისტალ პალასში” იჯარით მოთამაშე 22 წლის რუბენ ლოფტუს-ჩიკზე შეაჩერა. ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის” საკუთრებაა.

პირველ პოსტს ჯეკ უილშერმა ცოტა ხანში მეორეც მიაყოლა, სადაც დაწერა, რომ სხვა გზა არ აქვს, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს და ყველაფრის მიუხედავად ინგლისის ნაკრების გულშემატკივრად რჩება.