ფინალის ერთ-ერთი მაგარი კადრი იყო დიეგო სიმეონემ რუდი გარსიას რომ ხელი ჩამოართვა, რაღაც გადაულაპარაკა და ფრანგმაც ხელები რომ გაასავსავა. ალბათ, დაახლოებით მსგავსი შინაარსის ფრაზა თქვა, რაცა ვართ ესა ვართო.
3:0 – ცალ კარში თამაში, ნერვების აუტოკებლად, დამაჯერებლად. მადრიდის „ატლეტიკომ“ კატლეტივით შეახრამუნა „მარსელი“. კიდევ ერთხელ მოიგო ევროპა ლიგა და ესპანური საკლუბო ფეხბურთის დომინანტობაც გააგრძელა. ბოლო 15 სეზონიდან, ესპანელებმა ევროპა ლიგა 9-ჯერ მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაშიც ხომ ბადალი არ ჰყავთ.
დიმიტრი პაიე პირველივე ტაიმში შეცვალეს და იტირა. თვალწინ დაგვიდგა ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალი, როცა კრიშტიანუ რონალდო სწორედ პაიესთან შეჯახების მერე გახდა შესაცვლელი. როგორც ჩვენში იციან გამოთქმა, „რაღაც არსებობს“…
ჯერ პაიეთი რა იყო, პაიესს გარეშე კი სულ მოიშალა რუდი გარსიას გუნდი. თვითონ გარსიაც მოიშალა და საოცარი შეცვლები გააკეთა. თუმცა ვინც არ უნდა შეეყვან-გამოეყვანა, „მარსელი“ განწირული იყო.
მოედანზე მთავარი კაცი ფრანგი იყო, ოღონდ მას ფრანგულ კლუბში არასოდეს უთამაშია. ანტუან გრიზმანი ამჯერადაც ულმობელი გახლდათ – ორი მომენტი, ორი ცივსისხლიანი შესრულება და მატჩის MVP.
ლიონი. „სტად დე ლიუმერი“. 58 000 მაყურებელი
მარსელი 0:3 ატლეტიკო
გოლები: 0:1, 0:2 გრიზმანი (21, 50), 0:3 გაბი (89)
მარსელი: მანდანდა,ლუის გუსტავო, სარი, ამავი, რამი,ზამბო-ანგისა, სანსონი; ტოვენი, პაიე (ლოპესი 32), ოკამპოსი (ჯი 55), ჟერმენი (მიტროღლუ 74)
ატლეტიკო: ობლაკი, ვრსალკო (ხუანფრანი 46), გოდინი, ხიმენესი, ლუკასი, კოკე, გაბი, საული, კორეა (პარტი 87), გრიზმანი (ფერნანდო ტორესი 89), დიეგო კოშტა
გაფრთხილება: ვრსალკო (23), ამავი (38), ლუის გუსტავო (75), ჯი (78)
მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)