ვინ თქვა, რომ ფეხბურთის ისტორიას მხოლოდ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ამ ბიზნესში ჩართული ათასი ჯურის ბიზნესმენები ქმნიან? შერეკილი (კეთილი გაგებით) ქომაგები ფეხბურთის ისტორიის ასეთივე განუყოფელი ნაწილია.

გსმენიათ მავანი ბრაზილიელის შესახებ, რომელსაც საყვარელი გუნდის შეხვედრა 50 წლის განმავლობაში არ გაეცდინა? კლუბმა იუბილეც კი გადაუხადა და მხოლოდ მაშინ გამოტყდა, ორი შეხვედრა გამიცდაო: ერთხელ საკუთარი ქორწილის დღეს და მეორედ, როცა ნისლში გზა აებნა.
იყო კიდევ ერთი ბრაზილიელი, ტრიბუნაზე მუდამ ყურზე მიდებული ტრანზისტორით რომ იჯდა: ბრმა იყო! სტადიონის ატმოსფეროს სუნთქავდა და რადიორეპორტაჟს უსმენდა.

ერთი ასეთი “შერეკილი” მოსკოველია, ოლეგი ქვია და მსოფლიოში საფეხბურთო შარფების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ინგლისური და გერმანული ენების გაძლიერებული სწავლების სკოლაში ბრიტანელები ესტუმრნენ და ერთ-ერთმა “ასტონ ვილა”-ს შარფი აჩუქა. ჰოდა, წავიდააა…
ოცი წელია აგროვებს, მაგრამ სანაკრებო შარფებს არ ეკარება – მხოლოდ საკლუბოს და კონკრეტული თამაშისადმი მიძღვნილს. “სპარტაკი”-“ატალანტას” მატჩისთვის იტალიელებმა სულ 20 შარფი დაამზადეს და აუქციონის დასრულებამდე სამი წამით ადრე 2000 ევროს ვიხდიდი, მაგრამ ბოლო წამს ორასი ევროთი მაჯობესო.
დღემდე ნანობს…

სულ რამდენი დაუგროვდა? 5000-ზე მეტი. ამას ოროთახიანი ბინის ნახევარი და სპეციალურად მოწყობილი სამი ავტოფარეხი სჭირდება. ცოლი კი ემუქრებოდა, გადაგიყრიო, მაგრამ შეეგუა და თანამოაზრედაც კი ექცა.

კოლეგებს მსოფლიოს მასშტაბით ეკონტაქტება. ამბობს, ერთ-ერთი ძვირადღირებული კოლექცია პეტერბურგელს აქვს-სულ 600 ცალია, მაგრამ მხოლოდ ხელით ნაქარგებიო..

– ჩემი კოლექცია რა ღირს? ვერ გეტყვით, მაგრამ 100 000 დოლარად ნამდვილად არ დავთმობ. მილიონზე დავფიქრდებოდი, რადგან ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობას უზრუნველყოფს. დამწყებ კოლექციონერებს ვურჩევ: არასოდეს დახარჯოთ კოლექციის შესავსებად უკანასკნელი ფული – მთავარი ოჯახია. სჯობს ეკონომია სასმელზე და გართობაზე გააკეთოთ. უერთგულეთ ფეხბურთს და წაგებული არ დარჩებით.

წილი
წინა სტატიაარის დრო და მომენტი…
შემდეგი სტატიაბასილაშვილმა ჯოკოვიჩზე გაიწია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".