მაურიციო პოჩეტინომ ხვალ-ზეგ, შესაძლოა, „ტოტენჰემი“ დატოვოს… კიდევ რამდენიმე დღეში კი „ჩელსი“ ჩაიბაროს… რა ხდება და როგორ, ეს ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა გაარკვიეს…
წინა უქმეებზე „ლესტერთან“ 5:4 მოგებული პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მაურიციო პოჩეტინომ დაიჩივლა, კლუბის უფროსობა ტრანსფერებისთვის ფულს არ გამოდის, ახალი სეზონისთვის ვერ გავძლიერდებით, შესაბამისად კი ჩვენი ამბიციები უფრო მოკრძალებული გახდებაო.
არგენტინელმა ტაქტიკოსმა თქვა, იმ სპეციალისტთა კატეგორიას არ განვეკუთნები, სამსახურის გამო ყველაფერზე თანახმა რომ არიანო… მაურიციო პოჩეტინო და „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დანიელ ლევის კლუბისა და თავის მომავალზე სასაუბროდ ამ კვირაში უნდა შეხვდეს, თუმც თქვეს, უფროსთან მოლაპარაკების დაწყებამდე პოჩეტინოს შუბლზე აწერია, რომ პესიმისტურ განწყობაზეა. ამბობენ, რომ ლევი არც სატრანსფერო და არც სახელფასო ბიუჯეტის გადახედვას არ აპირებს, არადა აშკარაა, რომ გუნდი გასაძლიერებელია.
პოჩეტინოს ხელში კი „ტოტენჰემმა“ აგერ უკვე ზედიზედ მესამე სეზონია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და, ასევე მესამე სეზონია, რაც ეს არგენტინელი მწვრთნელი მამლებს თავკაცობს. მანამდე ის „საუთჰემპტონის“ დამრგიგებელი გახლდათ, უკვე მომავალი კვირიდან კი…
კარგა ხანია „ჩელსიდან“ ანტონიო კონტეს გაშვებაზეა ლაპარაკი, ამ „კარგა ხანიას“ ბოლო კი ვარაუდობენ, რომ ასოციაციის თასზე საკვირაო მატჩის შემდეგ დადგება. „ჩელსის“ ბანაკიდან ხმა გამოვიდა, რომ რომან აბრამოვიჩის კონტესთან დაშორებას სწორედ „მანჩესტერთან“ ფინალური მატჩის შემდეგ გეგმავსო.
აბრამოვიჩს, თურმე, დიდი ხანია პოჩეტინო თვალში მოსდის და გუნდში მის დასაპატიჟებლად ამაზე უკეთეს მომენტს ვერ ნახავს. არგენტინელს უფროსობაზე აქვს გული აცრუებული, აბრამოვიჩს იტალიელ მწვრთნელზე. პირად საუბრებში რუს ოლიგარქს ბევრჯერ უთქვამს, რომ „ჩელსის“ განვითარებისთვის მაურიციო პოჩეტინო საუკეთესო კანდიდატურა იქნება, ახალგაზრდებთან კარგად მუშაობსო.