სხვას ვერაფერს დაარქმევ, როცა ბუნდესლიგას დაარსების დღიდან უცვლელი ბინადარი დაემშვიდობება. ბუნდესლიგა კი, აგერ უკვე 55 წელია არსებობს, თუმცა მხოლოდ ბუნდესლიგა რატომ? 1919 წელს სამი ჰაბურგული გუნდის გაერთიანებით შექმნილი კლუბი მას შემდეგ სულ უმაღლესი ლიგის ბინადარი იყო.

არადა, “ჰამბურგმა” გუშინ “გლადბახი” 2:1 დაამარცხა, ბოლო 6 ტურში მეოთხედ იმარჯვა და ეს ყველაფერი ამაოდ.

მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე დამონტაჟებული იყო საათი, რომელიც “ჰამბურგის” მიერ ბუნდესლიგაში გატარებულ დროს აღრიცხავდა წლების, დღეების, საათების, წუთებისა და წამების სიზუსტით. საფინალო სასტვენთან ერთად საათი გაჩერდა…

საფინალო სასტვენი კი 20 წუთის დაგვიანებით გაისმა, რისი მიზეზიც კომპენსირებულ დროში მოედანზე გადმოყრილი აალებადი ნივთები იყო.

მერე კი იყო ცრემლები – მოედანზეც და ტრიბუნებზეც, თუმცა ტირილის ქულებად კონვერტაცია არ ხდება და “ჰამბურგი” სეზონის პირველი ნახევრის აშკარად ჩაგდების გამო დაისაჯა.