დინამომ ლოკომოტივი ვერ წააქცია ბადრი კეთილაძის ფოტო

„დინამოს“ თანაქალაქელებთან უჭირს. კახა კაჭარავას შეგირდებმა წლეულს სამი თამაში წააგეს და აქედან ორი დედაქალაქურ გუნდებთან. პირველად ლიდერ „საბურთალოსთან“ დამარცხდნენ ერთი თვის წინათ (0:1), ახლა კი ამავე ანგარიშით მებოლოვე „ლოკომოტივთან“ დაეცნენ, თანაც როგორ დღეს, თასების თასის მოგების 37-ე წლისთავზე. სათქმელია ისიც, რომ ამ საიბილეო დღეს დისკვალიფიკაციის გამო დინამომ უმაყურებლოდ ითამაშა. „ტორპედომ“ თუ ითხოვა, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს დისკვალიფიკაციის გადავადების უფლება გამოსთხოვა და ჩემპიონატის პირველ ტურს ერთგული ქომაგით შეხვდა, იგევე რომ „დინამოსაც“ გაეკეთებინა და 13 მაისს ფანების თვალწინ ეთამაშა, ესეც ხომ შეიძლებოდა?! თუმცა დინამოელი ფანობა საყვარელ გუნდს ალაგალაგ ალაყაფის გარედან მაინც შეუძახებდა ხოლმე. ვაი რომ „დინამოს“ ვერც ამ შეძახილებმა უშველა და ახლა უკვე საბურთალოელებს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩებიან. ეს სხვაობა კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის სოლიდურ ჰანდიკაპად ჩანს.
ცნობისთვის, რკინიგზელებს ბოლოს 4 აპრილს მოეგოთ, იმავე „საბურთალოსთან“ (1:2), შვიდი ტურის წინ.
თავის მხრივ „საბურთალომ“ „კოლხეთი“ 5:0 გაანადგურა და სერიოზული ნაბიჯი გადადგა საგაისო ევროთასებისკენ და შესაძლოა, ჩემპიონობისკენაც. თუმცა, ჯერ ნუ ვიჩქარებთ. ახლა საკითხავია, რამდენად სტაბილურად ითამაშებენ ისინი სეზონის დარჩენილ მონაკვეთს და რამდენად არიან მზად ფსიქოლოგიურად ასეთი ტვირთისთვის.
მოულოდნელად დამთავრდა მატჩი ივანწმინდაში, სადაც ერთ-ერთმა ლიდერმა, „ჩიხურამ“ „დილასთან“ 0:3 წააგო და მესამე ადგილი დაუთმო. გორელთაგან ისევ ლეგიონერები გამოირჩნენ. უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ეს ლეგიონერის მიერ შესრულებული მეორე დუბლია წლევანდელ სეზონში. მანამდე, ამ მხრივ, მისი თანაგუნდელი ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო გამოირჩა, 16 აპრილს, მე-8 ტურში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.
რიბეირომ ამჯერადაც იყოჩაღა, გოლიც შეაგდო და ორიჯერ საგოლედაც უპასა კოვტალიუკს. სხვათა შორის, რიბეირომ ბოლო ოთხ ტურში ოთხჯერ გიტანა და უცხოელთაგან ნელ-ნელა ყველაზე ცნობადი მოთამაშე ხდება. ჯამში კი, ამ ტურში ლეგიონერებმა 5 გოლი გაიტანეს, რაც ასევე სარეკორდოა.
„სამტრედიამ“ ბოლო 6 მატჩში მეხუთე ფრე (1:1) ითამაშა… ამჯერად „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე, ნომინალურ მასპინძელ „სიონთან“. მოკლედ, გუნდს, რომელიც სეზონის წინ ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად იტვლებოდა, თამაში ჯერჯერობით არ მისდის. ეგ კი არა, იმერლების ერთადერთი გამარჯვება 5 მარტით თარიღდება – პირველ ტურში სამტრედიელებმა სტუმრად „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხეს და…
ჩემპიონმა „ტორპედომ“ ბოლოსკენ გატეხა კერკეტი „რუსთავი“ – 2:1. ლევან კუტალიამ გამარჯვებისა 87-ე წუთზე გაიტანა.

XI ტური: საბურთალო 5:0 კოლხეთი, სიონი 1:1 სამტრედია, ჩიხურა 0:3 დილა, ტორპედო 2:1 რუსთავი, დინამო 0:1 ლოკომოტივი

სატურნირო მდგომარეობა 11 ტურის შემდეგ

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XII ტური
19 მაისი: სამტრედია – დინამო, კოლხეთი – სიონი
20 მაისი: ლოკომოტივი – ტორპედო, რუსთავი – ჩიხურა, დილა – საბურთალო

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე – დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) -6, ალვინ ფორტესი, ლეანდრო რიბეირო, მიკოლა კოვტალიუკი (სამივე – დილა), ლაშა გოგონაია (კოლხეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 4

წილი
წინა სტატიატოჩინოშინი – 500
შემდეგი სტატიაჰამბურგის ტრაგედია…
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.