ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და ადგილია ეს ლონდონი.

ჰოდა, ერთ პატარა სტადიონზე, დასავლეთ ლონდონში, პატარა გუნდების თამაში იყო: „ბრენტფორდი“-„ჰართლპული“. ეს სახელები მხოლოდ სტატისტიკის წიგნებში არსებობს. ლიგა დაბალია, ხელფასები მცირე, ბიჭები დარბიან, ცდილობენ, მართლა თამაშობენ, იმტვრევიან, კოტრიალი სირცხვილად უჩანთ, ბრძოლა უყვართ და ტრიბუნები კი სავსეა.

რა ითვლება ინგლისში უდიდეს სირცხვილად და, გუნდს რომ გამოიცვლი. იმის ფანი ვიყავიო და ახლა ამის ვარო, რომ იტყვი. თქმაც არ უნდა, თუ ფეხბურთის გარშემო ხარ, ყველამ იცის, ვისი ხარ.
რით არსებობენ პატარა გუნდები? ერთგული გულშემატკივრებით. მთავარი მათთვის ბილეთის ფულია. დასავლეთ ლონდონში, სადაც უამრავი დიდი და პატარა გუნდია, „ჩელსის“ გულშემატკივრობა იოლია. ოღონდ, „ბრენტფორდის“ ფანები არ გარბიან სხვა ბანაკში, რათა საკუთარი განწყობა ტიტულებით და გამარჯვებებით დაიკმაყოფილონ. ეს ყველაზე მაგარი რამაა საკლუბო საქმეში – ერთგულება და ნამდვილი ბრძოლა.

ახლა უყურეთ: „ბრენტფორდი“-„ჰარტლპული“ 1:1 დამთავრდა. იჭიდავეს და ითამაშეს, ამ საქმეში კი საუცხოო ის იყო, რომ იმ პატარა „ჰარტლპულს“ გასვლით თამაშზე 300 ერთგული გულშემატკივარი ახლდა.

ამას სულ სხვა რამისთვის ვყვები. უბრალოდ, აშკარაა, რომ ფეხბურთის ძალა მის სიცოცხლეშია. მკვდარი ფეხბურთი საინტერესო აღარ არის. აბა, გამოტყდით, ჩემპიონთა ლიგის თამაშის ცქერისას ტელევიზორთან ხომ ჩაგძინებიათ? აუცილებლად! ჩაის დასალევად ხომ გასულხართ, ამხანაგთან ხომ გილაპარაკიათ ტელეფონზე? რატომ და იმიტომ, რომ თქვენთვის ეს ფეხბურთი მკვდარია. მასთან არანაირი შეხება არ გაქვთ. ის უცხოა და იმდენად გაინტერესებთ, რომ ფეხბურთი გიყვართ ზოგადად. დაგეძინებოდათ საქართველოს ნაკრების თამაშზე? ანდა ქართული კლუბის თამაშზე, რომლის ერთგული გულშემატკივარიც ხართ?

ჰო, მართლა, რომელი ქართული გუნდის გულშემატკივარი ხართ? ალბათ, ზოგადად თბილისის „დინამოსი“, ისე კიდე, რომელიც მოიგებს, იმის. იმიტომ, რომ ქართველების მოგება გაგვიხარდება. არა? აბა მითხარით იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებიც იმ გუნდში თამაშობენ, ვისაც გულშემატკივრობ. არის საქართველოში ისეთი კლუბები, რომლებსაც ერთგული ქომაგები ჰყავთ. „სიონი“ ახლახან ჩემპიონი შეიქნა, რაც ალალია ბოლნისზე და ამ გუნდზე, მაგრამ ამხელა ქალაქ თბილისში, სადაც რამდენიმე კლუბი მაინც მოითვლება, ვინ ვის გულშემატკივრობს? ოც-ოცი კაცი, რომლებიც ტრიბუნებზე გამოჩნდებიან ხოლმე, ალბათ, ჩაითვლებიან იმ ნამდვილ გულშემატკივრებად, ვისაც თავისი კლუბი უყვარს და მართლა უხარია და მართლა სწყინს მისი ამბავი. დანარჩენი?

თუ შენი კლუბი არ გიყვარს, შენთვის ფეხბურთი ცოცხალი არ არის. ეს დანამდვილებითაა ცნობილი. საერთოდ, კლუბები უყვარდებათ ბავშვობიდან და სამუდამოდ, ზოგჯერ მამის მიბაძვით, ზოგჯერ სულ უბრალო მომენტის გამო, ზოგჯერ ისეთი რამის გამო, რაშიც ფეხბურთი სულაც მეორეხარისხოვანია.

დღეს კი რა დღეა?
დღეს დიდი დღეა თბილისის „დინამოს“ ისტორიაში.

დღეს 13 მაისია.

25 წელი გავიდა, რაც „დინამომ“ თასების თასი აიღო.

ჰოდა, მე მშურს ბრენტფორდელი და ჰარტლპულელი გულშემატკივრების იმის მიუხედავად, რომ მათ გუნდებს ევროპაში არავინ იცნობს და მათზე სულ ორი სტრიქონით წელიწადში ორჯერ თუ წერენ ინგლისური გაზეთები. სამაგიეროდ, არის სიცოცხლე და სინამდვილე.

13 მაისი საოცარი დღეა. დიადი და განუმეორებელი, მაგრამ თარიღი სევდას იწვევს, იმიტომ, რომ ამ დღეს გაგრძელება არ მოჰყოლია. საფეხბურთო გაგრძელება კი არა, უბრალოდ, ადამიანური გაგრძელება. ხალხი მოსწყდა ფეხბურთს. თბილისის „დინამოს“ მოსწყდა 80 ათასი სტადიონზე მჯდომი ადამიანი და კიდევ, ალბათ, ტელევიზორთან მღელვარე მილიონი.

თბილისის „დინამო“ ის აღარ არის, რაც იყო, მაგრამ მაინც შემოგარტყამს ერთი ოხერი კითხვა: ჩვენ ფეხბურთი გვიყვარდა, ჩვენი კლუბი გვიყვარდა თუ თავს ვიტყუებდით იმიტომ, რომ ამ კლუბის გამარჯვებები ჩვენი ხასიათის გამოსაკეთებლად გვჭირდებოდა?

სიხარულის ღამე ცოცხალია, მაგრამ სულ სხვანაირად, ისე, თითქოს ეს ყველაფერი მოგონილი იყო.

მიდიხარ დასავლეთ ლონდონში, ჩაუხვევ ლამაზ ქუჩაზე, კიდევ ჩაუხვევ ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს შორის, ერთ აგურის კედელს მიადგები. კედლები იმგვარია, რომ ეზოს გალავანს ჰგავს. მყუდრო კარებები გამოუჭრიათ, შიგნითაც ალბათ კაი ტკბილი ბაღი იქნებაო, იფიქრებ, იმიტომ, რომ ქუჩაც მყუდროა, სახლებიც და ხეივანიც. შეხვალ იმ კარში და იქ სახლია. ამ სახლს „კრივენ კოტეჯი“ ჰქვია. ოღონდ ეს სახლი სტადიონია, რომელზეც პატარა კლუბი „ფულემი“ თამაშობს.

სტადიონი შენი სახლია, თბილისის „დინამოს“ კი სახლი არ აქვს. თბილისის „დინამოს“ რომ ვამბობ, ყველას ერთად ვგულისხმობ, გუნდსაც და გულშემატკივრებსაც. სახლში ხან ცუდი ამბები მოხდება, ხან – კარგი. ხან იტირებ, ხან იხალისებ, ხან სიმღერას შემოსძახებ. იმიტომ, რომ ეს შენი სახლია. ძნელია სადმე მონახო ისეთი პანაშვიდი, როგორიც „ჰაიბერის“ გადაუხადა ხალხმა. დგას ეს ჩვენი საბრალო სტადიონი, რომლის მინდორზეც, ვინ იცის, რა არ მომხდარა, რა გრანდებს არ უტრიალიათ, რა ოსტატობა და გული არ ჩაქცეულა. დგას, როგორც მიტოვებული ქოხი, ამხელა ქოხმახი. რემონტს არ ვგულისხმობ. ოცდახუთი წლის თავზე ერთი რემონტი კი გაკეთდება და კეთდება კიდეც. სკამებსაც მოვიტანთო, საუცხოო სკამები იქნებაო. ბრწყინვალეა და სასიხარულო, რომ მიხვალ და დაჯდები. და მიდიხარ?

მძიმე ცხოვრებაა ჩვენთან, ღარიბები ვართ, მაგრამ მგონი, რიო დე ჟანეიროს ფავეში უფრო ღარიბები არიან. იქ ტელევიზორებიც იშვიათია, ხალხი მუყაოს სახლებში ცხოვრობს და რადიოს მფლობელი დიდი კაცია.

როდის დაბრუნდება სტადიონზე მისი სული? სად წავიდა და სად დაიკარგა? ძალით ვერ მოიყვან – სული პიარკამპანიებს არ ემორჩილება. სადაც სინამდვილეა, სადაც მართლა ხარ, სადაც გელიან და სადაც ყველაფრის გაზიარება შეგიძლია, იქ მიდის.

არის ორიოდე ადგილი ჩვენს ფეხბურთში, სადაც სულმა მისვლა გადაწყვიტა. იქ ისევე, როგორც ბრენტფორდში, ალბათ, იციან, რომ არ ჰყავთ გუნდი, რომლის მოთამაშეც სუპერმანქანით დადის. მაგრამ, მგონი, ნამდვილად, ძალიან უყვართ თავიანთი გუნდი.

დღეს 13 მაისია, გუნდის სიყვარულის დღე.

ერთადერთი დღე, როცა შეგიძლია წარსული გამოიხმო და იოცნებო, რომ ოდესმე ისევ იქნება რაღაც ნამდვილი, უბრალო და გემრიელი.

13.05.2006

 

 

წილი
წინა სტატიასაშინელი დროის საყვარელი ადგილი
შემდეგი სტატიამოლოდინი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.