აბა, რა ვთქვა და რა გავიხსენო 13 მაისზე ისეთი, ჩემზე უკეთ და ვარაყიანად სხვებს რომ ვერ უთქვამთ?!

ათიოდე წლის ბიჭს „დინამოს“ ქომაგობის მესამე წელი თუ დამეთვლებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენები ყველაზე მაგრები არიან.

რომ მოვიგეთ? მამა სამსახურში მორიგე იყო, დას ეძინა და „დინამოს“ მე და დედა ვქომაგობდით.
ხომ მოვიგეთ?! პირველი ემოცია ხომ ამოვიღრიალეთ და ვინ გაცალა მეტი – განმეორებით ჩვენება გადაწყდა. ჰოდა, რიკარდო ლატანცის საფინალო სასტვენის მეორედ მოსმენის შემდეგღა გამოიფინა საქართველო პროსპექტებზე, ქუჩებში, უბნებში, შუკებში…

მერეღა, მოზრდილ ასაკში გავითავისე, რომ ამ ერთად გაბედნიერებულ-გასხივოსნებული საქართველოს გარეშე „დინამო“ ვერ მოიგებდა…

იმ უბრალო ქომაგების გარეშე, ყოველ მატჩზე „დინამოზე“ ანშლაგს რომ აწყობდნენ, ვერ მოიგებდა…

იმიტომ, რომ მეც – სტადიონზე მისულთა ერთი მეოთხმოციათასედი – ჩემ თავს ამ გუნდის წევრად ვთვლიდი. ყველა ასე გრძნობდა. ერთი იყო გუნდი და ქომაგი…

იმიტომაც მოვიგეთ! ყველა ჩვენს ვეტერანს უდიდესი მოწიწება მინდა დავუდასტურო, მაგრამ მინდა მათთან თანასწორად მადლობა 1981 წლის 13 მაისის ღამეს სიხარულით ატირებულ და მერე ამღერებულ საქართველოს გადავუხადო.

… მატჩის ჩანაწერი რომ გაიმეორეს, დედაჩემმა კარი გამიღო – გადი უბანში, სანამ ჭკუიდან გადასულხარო. სრულ ჭკუაზე სხვა ვინ იყო?!.

წილი
წინა სტატიამოლოდინი
შემდეგი სტატიაშენი ფეხბურთით გაზაფხულზე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".