ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უეფას პრეზიდენტ არტემიო ფრანკისგან ჩაიბარა

ის ოთხშაბათი კი იყო მაგარი ოთხშაბათი და მას მოდევნებული მთელი კვირაც. ამინდებიც კარგი დაემთხვა. უკვე შუა მაისი იყო, ყვაოდა  რაღაცეები, რაც მაშინდელ ქალაქში, მითუმეტეს პატარა ქუჩებზე, შეიმჩენოდა. ამიტომ, იდექი ქუჩაში, კარგ ამინდში და თუნდაც ფეხბურთზე და დინამოზე არ გელაპარაკა, მაინც ის იგულისხმებოდა, რომ კარგად და ხალისიანად  დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების და თასის გამო ხარ. იმ ფინალის და ზეიმის შემდეგ თბილისის დინამომ ოდესაში ფრე ითამაშა,  კიევთან ბოლო წუთებზე წააგო გასვლა და მერე კიდევ თბილსში იყო უგოლო თამაში მოსკოვის ტორპედოსთან. ასე მახსოვს, რომ ძალიან მძიმე თამაში. კარში არ დაურტყამთო, რომ იტყვიან, ისეთი.   ვინ აქცევდა ყურადღებას, გუნდი და კლუბიც ევროპის ფეხბურთის რუკაზე აღიბეჭდა, როგორც თასის მფლობელი.

ეს ღონიერი რამ იყო, არა მხოლოდ ჩვენი, ქართული სიხარულსთვის, რომელიც უკიდეგანო იყო და ვერ იფიქრებდი, თუკი რაიმე უკეთესი შეიძლებოდა მომხდარიყო და ასე გაეხარებინე, არამედ საკავშირო ფეხბურთისთვისაც,  რადგან იქამდე  მხოლოდ კიევის დინამოს მოეგო თასების თასი და ეგ იყო სამთაგან ერთადერთი ევროპული თასი, რომლისთვისაც საბჭოთა გუნდებს ხელი შეევლოთ.

მოსკოვის დინამოც იყო ევროპულ ფინალში მანამდე, მაგრამ დიდი ხმაურით წააგო გლაზგო რეინეჯერსთან. კიევს ბაიერნისთვის მოეგო სუპერთასიც და მგონი ამას უფრო დიდ სახელად უთვლიდნენ, რახან ბლოხინმა ნახევარი ბავარია მოატყუა და ისე გაიტანა  გოლი. მერე კიევმა კიდევ ერთხელ მოიგო იგივე  თასი.

სამაგიეროდ, ჩვენ რომ მოვიგეთ, თბილისში სტუმრად მყოფი ბრეჟნევის საქართველოსადმი მოძღვნილ სიტყვაში ჩაამატეს, არ დაგვაღალატეს თბილისის დინამოელებმაცო, ტყუილად კი არ ვქომაგობდითო. ცნობილი ფრაზა იყო მაშინ, ყველგან ეწერა.

საბჭოთა ჩემპიონატი იწყებოდა ხოლმე მარტის ბოლოს და დიდი მოლოდინიც იყო, აბა, ნეტავ წელს როგორ ფორმაში ვართო. დინამოს კი ჰქონდა ისტორიაში პირველი ევროპული  გაზაფხული და ოთხ მარტს ვესტ ჰემთან თამაში სტუმრად და გამოირკვა, რომ მზად ვართ კი არა და დავფრინავთ და საერთოდ, სწორედ მაგ აწ გაუქმებულ აპტონ პარკზე მოგებულმა დიდმა თამაშმა გააჩინა განსაკუთრებული მოლოდინი.

დავით ყიფიანის შემჩერებელი ბევრი არ იყო

ეს ამბავი ვესტ ჰემის წაქცევის ტალღაზე დაიწყო და დიდი ტალღა იყო. ეგენი რომ გავაგდეთ, დაგვეჯახა ფეიენოორდი და კიდეც დაიწყო სსრკ ჩემპიონატი და გახსნის თამაში მინსკთან წავაგეთ თბილისში. მერე ლენინგრადს მოვუგეთ, ორ-სამ დღეში  ჩვენი ევროპული კალენდრის გამო წინ გადმოტანილ თამაშში მოვუგეთ სპარტაკს და ეგ ალბათ ვესტ ჰემთან დონის თამაში იყო, სადაც ყიფიანმა ორი მაგარი გოლი გაიტნა და მერე ჟვანიამ მესამე.

მოსკოვის დინამოსთან წავაგეთ ისევ სახლში და კიდევ სამ დღეში დავანგრიეთ ფეიენოორდი ისევ სახლში და კიდევ უფრო მაგარი თამაშით, ვიდრე ვესტ ჰემთან და სპარტაკთან ვითამაშეთ. ეს ყველაფერი მოხდა 25 მარტიდან 8 აპრილამდე. ოთხი ტური და ნახევარფინალი.

მერე ორი თამაში მოვუგეთ შუა აზიის გუნდებს, ამათ შუაში კი წავაგეთ ფეიენოორდთან მსაჯისგან ნაწვალებ თამაშში და გავედით თასების თასის ფინალში.  ამ დიდი სიხარულის ფონზე, ასეთ ცხრილში შეღავათი ის იყო, რომ პირველი ექვსი თამაში  სახლში გვქონდა, რაც სეზონის ბოლოს, თუკი ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით, ზურგში ხანჯალს ჩაგვცემდა, მაგრამ მაგას ვინ დარდობდა, იმხელა თასისკენ მივდიოდით.  შეღავათი კი ის იყო, რომ იმ გაზაფხულზე გუნდი გრძელ ფრენებს აცდა.

მერე ბაქოშიც წავაგეთ, როსტოვში ფრე მოხერხდა და მერე თბილისში დავანგრიეთ დნეპრი. იმ თამაშში ყიფიანმა გაიტანა  თავისი მეასე და ასმეერთე გოლები. ეგრე იყო, რომ პირველ ტურებში, პენალტს სულ დათო ურტყამდა, რადგან ასიანების კლუბს უახლოვდებოდა, მაგრამ თამაშიდანაც სამი მაგარი გოლი გაიტანა იმ ოთხ პენალტთან ერთად და ასე მივედით კარლ ცაისის ფინალამდე.

რატო ვყვები ამა ცხრილს და რაღაცას? მართლა რაღაცაა და მეტი არაფერი. ძნელი გადმოსაცემია. მაგარი იყო. მარტო თასი კი არა, შენი ფეხბურთით ცხოვრება გაზაფხულზე.

წილი
წინა სტატიაჩემი ცამეტმაისობა
შემდეგი სტატიატოჩინოშინი – 500
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.