თმამოზრდილი ვარსკვლავები: ვალენსიას ფორვარდი მარიო კემპესი და თბილისის დინამოს გარემარბი ვლადიმერ გუცაევი

დინამო რა იყო, იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ თუ რა დრო იყო.

სადღაც, მესამე კლასში თმა ისე მოვიზარდე, რომ ყურებზე ოდნავ გადმოვაყოფინე ბოლოები. გადმოვაპარე. მასწავლებელმა კატეგორიულად გამომიცხადა, რომ უნდა შემეჭრა, თორემ საქმე სასწავლო ნაწილის გამგემდე მივიდოდა. იმ საღამოს, უკვე გაკრეჭილმა, ეს ამბავი დედაჩემის ამხანაგთან მოვყევი. გადარჩენილხარო, მითხრა დედის ამხანაგმა, რომელიც ერთ-ერთი ინსტიტუტის ლექტორი იყო. ჩემი ორი სტუდენტი მილიციამ ქუჩაში დაიჭირა, განყოფილებაში წაიყვანა, გადახოტრა და გამოუშვაო – 70-იანი წლები იდგა, თმის მოშვება მთელ მსოფლიოში ლამის განგების ძალით იყო ნაკარნახევი, როლინგები I can’t get no satisfaction-ს მღეროდნენ, ჩვენ კი…

ჰოდა, აი, ასეთ ეპოქაში ორჯერ ვნახე დემონსტრაცია. პირველად ეს იყო ჩემი თმის ისტორიიდან ხუთი-ექვსი წლის მერე, როდესაც დინამომ მეორედ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. დავაზუსტებ, 1976-ში, არარატთან 3:0-ის შემდეგ რა ხდებოდა, არ ვიცი, რადგან პატარა ვიყავი და ქუჩაში არ გავუშვივართ; აი, 1979 წელს კი ოთარ გაბელიამ პირჯვარი გადაიწერა (რომელიც გამეორებებში ამოჭრეს), ვალერი გაზაევს გადამწყვეტი პენალტი აუღო და მეც დემონსტრაცია ვნახე.

სად ვნახე, იცით? მუსკომედიის წინ რომ გაჩერებაა, იქ. მე და მამაჩემი ავტობუსს თუ ტროლეიბუსს ველოდებოდით, თასის აღსანიშნავად ბიძაჩემთან ვერაზე რომ წავსულიყავით და რას ვხედავ, ზემოდან, წერეთლის პროსპექტის მხრიდან შეძახილებით მოდის ადამიანთა კოლონა, რომელსაც წინ ტრანსფარანტიანი კაცი მოუძღვის. ეს იყო, რაღაც ძალიან თავისუფალი და ნამდვილი, ძალიან განსხვავებული იმ დემონსტრაციებისგან, რომლებზეც თავადაც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი: „მხნედ მოაბიჯებს საქარხნო რაიონის მშრომელთა კოლონა, რომელსაც წინ სოციალისტური შრომის გმირი… მოუძღვება“.

და იცით, კიდევ რა დამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ? ჩვენთან ერთად გაჩერებაზე რუსი დედა-შვილი იდგა. ჩამოსულები იყვნენ. დემონსტრაციის დანახვაზე გოგონამ დედას ჰკითხა, რა ხდებაო, დედამ კი სრულიად დაბნეული სახით უპასუხა, ალბათ რაღაც უხარიათო. მე და მამამ ავუხსენით, რაც ხდებოდა მაგრამ… ამით კიდევ უფრო დავაბნიეთ ისედაც დაბნეული ადამიანი.

ხოლო მეორე და გაცილებით დიდი დემონსტრაცია 1981 წლის 13 მაისს იყო… თუმცა, იმ ამბისა ყველამ ყველაფერი იცის და აღარ მოვყვები. ერთი, შეიძლება ჩემი მაშინდელი ასანთის კოლოფი მოვიგონო, ისიც თუ ძალიან არ მოგბეზრდით ამ მოგონებებით…

წილი
წინა სტატიატოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა
შემდეგი სტატიასაშინელი დროის საყვარელი ადგილი
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.