თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ვიქტორ ბერეჟნოი და ალექსანდრე დოროხოვი

ჩემი რვასართულიანი კორპუსის კუთხეში გასტრონომი იყო – ახლა აღარ არის. გასტრონომის მხარეს აივნები გადმოდიოდა – ახლაც გადმოდის. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეზოს მხარეზე არ ვყვები, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ კორპუსს აქეთა მხარესაც ჰქონდა ფართობი, სადაც ბავშვები ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით, ჩვენი უბნის სმის მოყვარული ძიები კი გასტრონომის წინ ლუდით პახმელიაზე გამოდიოდნენ.

ერთხელ ერთი მოვიდა, ბურთი გადმომიგდეთო. ძალიან კი არ გვიყვარდა თამაშს რომ გვაწყვეტინებდნენ, მაგრამ უფროსი იყო და უარს ხომ არ ვეტყოდით. გადავუგდეთ. ნასვამს რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, გაჰკრა-გამოჰკრა იმ ბურთს ფეხი და გადაუვარდა. ეჰო, მერე თვითონ თქვა, ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ, აბა, ხომ ხედავთო, ბოთლზე მიგვითითა. იცით მამაჩემი ვინ არისო? შურა დოროხოვიო. მიტრიალდა და გასტრონომის შესასვლელთან დადგა.

ის კი დადგა, მაგრამ ჩემს ამბავს არ იკითხავთ? თან ვთამაშობ, თან სულ დოროხოვის ბიჭს ვუყურებ – ხუმრობა ხომ არ არის, ფეხბურთელები დედამიწაზე თუ ცხოვრობდნენ, არ მეგონა და აქ კაცი იძახის, დოროხოვი მამაჩემიაო. საღამოს მამას მოვუყევი ეს ამბავი. მითხრა, რომ დოროხოვი მართლა ახლოს ცხოვრობდა და მისი ბიჭი კი არა, ლუდს ჩვენს გასტრონომთან ძალიან ხშირად თვითონაც სვამდა.

გადავირიე და ჩავუსაფრდი. თუ ეზოში ვიყავი, ხომ კარგი, თვალები დაჭყეტილი მქონდა, თუ არა და, აივნიდან ვიგრძელებდი კისერს.

…ერთხელ ვნახე. ჭაღარა, ლუდის ბოთლით ხელში და მე თუ მკითხავთ, ძალიან მაგარი.

თუმცა, მეორედაც დავინახე, ამ ამბიდან ცოტა ხანში, მაგრამ მაშინ უკვე სხვა იყო, მიასვენებდნენ…

მოვასწარი, ნანახი მყავს!

 

 

წილი
წინა სტატიადინამო იყო…
შემდეგი სტატიატოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა
ილია ბაბუნაშვილი
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.