13 მაისი ახლოვდება, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს.
ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე რა – მნიშვნელობა არა აქვს. გახსენდება: შენიანების, მეზობლების, მეგობრების, მოკეთეების, ქალებისაც კი ქართულ ხმათა ქუხილმა რომ გადმოხეთქა და გაავსო ეთერი…
გახსენდება და 37 წლის შემდეგაც თავს უკეთ გრძნობ!
„სარბიელი“ და 13 მაისი – ერთი ცალკე ამბავი გახლავთ. სამი ათწლეული გავიდა და – საყვედურად არ ვამბობთ – ისე ჩანს, რომ დიდ გამარჯვებას ნელნელა მტვერი ედება, რადგან დრონი მეფობენ. თბილისის „დინამოს“ უდიდესი აღზევების ისტორიას „სარბიელში“ მუდამ დიდი ადგილი ეჭირა და უპრიანი იქნება, ახლავე არქივებს მივმართოთ, საიდანაც განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველები ბევრ უცნობ, არდასავიწყებელ ამბებს გაიგებენ…
ამიტომაც, „სარბიელი“ იწყებს თავის ავტორთა წერილების სერიას თასების მფლობელთა თასზე ქართული ფეხბურთის ლეგენდარული გამარჯვების შესახებ…
პირველ წერილებში ილია ბაბუნაშვილი იმ დროის თბილისის “დინამოს” და “დინამოელთა” მაგიაზე საუბრობს – ეპიზოდი პირველი, ეპიზოდი მეორე, ეპიზოდი მესამე
გიო ახვლედიანისთვის 13 მაისი იმ იშვიათ დღეთაგანია, როცა შეგიძლია იოცნებო.
ილია ბაბუნაშვილი გადამწყვეტი თამაშის მოლოდინზე მოუთხრობს მკითხველს.
გიორგი ნოზაძე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 1981 წლის 13 მაისს საქართველოში სიხარულით ყველა გაგიჟდა.
და კვლავ გიო ახვლედიანი 13 მაისის პრე- და პოსტისტორიებზე – როგორც აგებდა ან იგებდა “დინამო” 13 მაისამდე და შემდეგ და როგორ არ აინტერესებდა ეს არავის.