ამბობენ, თბილისის „დინამო“ ხალხს იმიტომ უყვარდა, რომ საქართველოს ნაკრები იყოო.

ალბათ მართალია.

მაშინ ნაკრები, აბა, როგორ გვეყოლებოდა და „დინამოს“ თამაშები შინაარსით ძალიან ჰგავდა სანაკრებოს. ყოველ წელიწადს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, მრავალი საქართველო-რუსეთის მოწმენი ვხდებოდით, უბრალოდ, რუსეთს ჰქონდა სხვადასხვა სახე. იყო დაახლოებით ათი (ხუთი შინ და ხუთიც სტუმრად) საქართველო-უკრაინა, იყო საქართველო-სომხეთი, საქართველო-აზერბაიჯანი, საქართველო-ყაზახეთი…

ძალიან თავისებური და ჩამთრევი იყო ეს ყველაფერი. გადაუჭარბებლად ვამბობთ, ხალხი ტურიდან ტურამდე ცხოვრობდა, მაგრამ… არა, ნაკრები მაინც ნაკრებია.

„დინამო“ მთლად ნაკრებიც არ ყოფილა. დინამოელები ცოტა ხნით არ იკრიბებოდნენ და მერე თავიანთ გუნდებში არ მიდიოდნენ, სულ აქ იყვნენ, დიღომში, რომლის ღობიდანაც ვარჯიშებს პატარა ბიჭები უჭვრიტინებდნენ და მერე სკოლებში ყვებოდნენ: გუშინ მესხმა იცი რა ქნა? გუშინ ყიფიანმა იცი რა ქნა? გუშინ იცი?.. გუშინ… გუშინ… გუშინ…

და თვალებგაფართოებულები უამბობდნენ ერთმანეთს მეტწილად სრულიად ჩვეულებრივ რაღაცებს – ვიღაცა ვიღაცას ხუმრობით ზურგზე შეახტა, მანქანა ხემდე „ზადნით“ შეიყვანა, მაგარი ჯინსი ეცვა და ასე დაუსრულებლად.

ნაკრები იყო და არც იყო. კლუბი ნაკრები იყო, თუმცა ეგეც არა. ფეხბურთი რომ იყო, ფეხბურთიც აღარ იყო. მთელი ცხოვრება იყოო, როგორ ვთქვა, მაგრამ მთელი ცხოვრებაც იყო…

აი, ერთხელ ასეთ რამეს შევესწარი: ყოველი ტურის წინა დღეს დუბლები ხომ თამაშობდნენ და, დგანან დუბლების თამაშის შემდეგ „დინამოს“ გასახდელის შესასვლელთან შენგელია, თუ არ ვცდები, გაბელია და სულაქველიძე. ის პერიოდია, ბიჭების ქოშები რომ შემოვიდა მოდაში და შენგელიას აცვია მაგარი. დგანან, რაღაცას ლაპარაკობენ. მე და ჩემი მეგობრებიც შორიახლოს ვდგავართ, ვუყურებთ, სანახაობა არ გვეთმობა. უცებ, ვხედავ, ვიღაც ბიჭი სულაქველიძეს ზურგიდან მიუახლოვდა, მივიდა, მივიდა და… თითი მიადო. სულაქველიძეს არც გაუგია, ეტყობა, ძალიან ნელა და მორიდებით მიადო თითი. მიადო და უბედნიერესი სახით გამოტრიალდა…

3.12. 2005

წილი
წინა სტატია13.05.1981
შემდეგი სტატიადინამო იყო…
ილია ბაბუნაშვილი
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.