
ძიუდოს ფედერაციამ ყრილობა გამართა. მოხსენებებიც გაკეთდა. სამთავრობო ჩინებიც ესწრებოდნენ, საკანონმდებლოც და სპონსორებიც… კომენტარებიც გაკეთდა მედიისთვის.
და ამით რა? ვეჭვობ, ვინმესთვის სიტუაცია უფრო ცხადი გამხდარიყო.
ერთადერთი, რაც აშკარაა: კონფლიქტის მხარეები სანახევროდაც არ ამბობენ სიმართლეს. ხომ გამორიცხულია, ნაკრების წევრებს მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გასჩენოდათ ვარაუდები ქევხიშვილის ფინანსური მაქინაციების შესახებ? ანუ, ნაკრები ევროპაზე საპროტესტო განწყობით მონაწილეობდა. ღმერთმა დაგვიფაროს ფიქრისგან, რომ კატასტროფული შედეგი კონფლიქტის მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთს აწყობდა.
რატომ დუმს ქევხიშვილი? საჯარო პირია, პასუხისმგებლობაც დიდი აკისრია კულისებში ომობანას საჯაროდ ყველაფერზე საუბარი უნდა ერჩიოს.
ასეთ დროს ბოლომდე მართალი მხარე არ არსებობს და გაზეპირებული – “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ” – ლოზუნგის თავადვე არ სჯერათ.
სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი კომისიას შექმნიან. ქაღალდებს გადახედავენ და დადებით თუ არა, დამაკმაყოფილებელ დასკვნას დადებენ…
ამასობაში ევროპის კვალად მსოფლიო ჩემპიონატიც ჩაგდებული გვექნება.