ბარსელონაში გამართული „ელ კლასიკოს” (2:2) ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როდესაც მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მოედანზე იწვა, „რეალის” ფეხბურთელებმა კი ბურთი აუტში არ გადააგდეს. სტუმრების ასეთმა უჩვეულო ქცევამ „კამპ ნოუზე” შეკრებილი „ბარსას” გულშემატკივარი აღაშფოთა და თავად ფეხბურთელებშიც ააგორა დაძაბულობის მორიგი ტალღა.

სუარესს მეტოქეებს ხშირად აღიზიანებს

„რეალის” გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კაპიტანმა სერხიო რამოსმა აიღო. მან თქვა: „ლუის სუარესს კარგად ვიცნობ… ჩემთვის ცხადი იყო, რომ ბურთი მოედანს გარეთ არ უნდა გადაგვეგდო. სხვის აღზრდას ნამდვილად ვერ დავიწყებ, აღსაზრდელად სახლში სამი შვილი მეყოფა. დანარჩენი მსაჯის მოვალეობაა. ჩვენ კი მოგება გვინდოდა”.

შემდეგ რამოსს მსაჯის შეცდომებზე ჰკითხეს. მან უპასუხა: „ბარსელონა” ჩემპიონი მსაჯების გამო არ გამხდარა, მათ მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს”.

სუარესის შესახებ კი მარსელომაც დაახლოებით იგივე თქვა, რაც რამოსმა: „მისი ტრავმა სერიოზული არ იყო და ამიტომ არ გადავაგდეთ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ”.