„არსენალი” და „ჩელსი” საბრძოლველად მოემზადნენ. მიზეზი: გავრცელდა ხმა, რომ ლეონარდო ჟარდიმი „მონაკოდან” მიდის.
ეს კულუარული ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა „სანმა”. გაზეთი წერს, რომ 43 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელსაც ევროპაში მაღალი რეიტინგი აქვს, აუცილებლად მოექცევა წამყვანი კლუბების ინტერესის სფეროში და დიდი შანსია, პრემიერლიგაში გადაბარგდეს.
თურმე, საფრანგეთსა და ესპანეთში ამბობენ, რომ ჟარდიმი ყველაზე დიდი ალბათობით „არსენალში” გადავა და კლუბიც სიამოვნებით მიიღებს — მას უფრო წინ დააყენებს ვიდრე თუნდაც იმავე ლუის ენრიკეს, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ.
ცნობილია აგრეთვე, რომ ვენესუელის ქალაქ ბარსელონაში დაბადებულ ჟარდიმს მუშტრის თვალით უყურებს „ჩელსიც”, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტესთან დამშვიდობებას აპირებს.
ჟარდიმი მეოთხე სეზონია რაც „მინაკოში” მუშაობს. გასულ ზაფხულს მან კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. მისი ხელმძღვანელობით მონეგასკები 2016-17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონებ გახდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ.
უფრო დიდ წარმატებებს პორტუგალიელმა იმიტომ ვერ მიაღწია, რომ „მინაკოს” ხელმძღვანელობამ ვარსკვლავები, კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა, ტიმუე ბაკაიოკო და ბენჟამინ მენდი გაუყიდა, „ფული სტომარა” „პარი სენ ჟერმენი” კი ხარჯავდა და ხარჯავდა ახალ ფეხბურთელებში თანხებს.
ჟარდიმი, როგორც მწვრთნელი, იმით არის საინტერესო, რომ სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი ფულის ხარჯვის გარეშე შეუძლია სწრაფი, შემტევი გუნდის შეკვრა. მბაპესა და სხვების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ის ნიჭიერ ყმაწვილებს ენდობა და მათ დაღვინებას არ ელოდება.