ამ ბოლო დროს ამერიკული სახეობების მსგავსად ფეხბურთშიც დაიწყეს ათასნაირი სტატისტიკის თვლა. ეტყობა, ასე უფრო მეტი ფული კეთდება. უამრავი რეკორდის მოფიქრება და დაფიქსირება შეიძლება. მერე თითოეული მათგანის მოხსნაზე მთელ ამბავს ააწყობ: აბა ვინ, აბა როდის და აბა როგორ. ხალხს ტელევიზორებს ჩაართვევინებ, რეკლამებს აყურებინებ, ნიძლავებს დაადებინებ…

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ესპანური „ელ კლასიკოა”: „ბარსელონა” „რეალის” წინააღმდეგ; მესი რონალდუს წინააღმდეგ. და აქაც ათასნაირად შეიძლება შეხედო მოვლენებს. აი, მაგალითად, ხვალ, 6 მაისს, „კლასიკო” „კამპ ნოუზეა”. მართალია, ჩემპიონის ვინაობა ცნობილია — „ბარსამ” პირველობა უკვე მოიგო, თან დიდი უპირატესობით, მაგრამ ჯერ ერთი ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია და მეორეც, „ბლაუგრანას” მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია და თუ კვირას „რეალი” აჯობებს, ნიშნის მოგება გამოუვა.

ასე რომ ახლა კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული „კლასიკოების” დათვლისთვის არის შესაფერისი დრო. მადრიდული გაზეთი „მარკა” ამბობს, რომ 2010 წლის 29 ნოემბერის შემდეგ (როდესაც პეპ გვარდიოლას „ბრსამ” ჟოზე მოურინიუს „რეალს” 5:0 მოუგო) შედეგი თანაბარია.

ამ დღის მერე „ბარსელონა” და „რეალი” „კამპ ნოუზე” 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს —4 თამაში მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა და 4 ფრედ დასრულდა. იმ შეხვედრებში, რომლებიც „რეალმა” წააგო, სხვაობა ყოველთვის ერთი გოლი იყო.

რაც სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგათ, მადრიდელები „კამპ ნოუზე” კიდევ უფრო კარგად ათამაშდნენ: ლა ლიგაში ერთხელ გაიმარჯვეს 2:1, ერთხელ ფრედ ითამაშეს 1:1 და ერთხელაც სუპერთასზე 3:1 აჯობეს კატალონიელებს.

სამაგიეროდ, „ბარსელონა” ბოლო წლებში „სანტიაგო ბერნაბეუზე” აღწევს შთამბეჭდავ შედეგს: ხან 4:0 მოიგო, ხან 3:2 და ხან 3:0.

თუკი ხვალ „ბარსელონა” მოიგებს, სატურნირო ცხრილში ის „თეთრებს” 18 ქულით გაასწრებს, რაც უპრეცედენტო შედეგი იქნება. აქამდე „ბარსა” „რეალს” ყველაზე მეტად, 1984-85 წლების სეზონში, 17 ქულით უსწრებდა.