ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა.
მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან, სულ ლუკაკუს რატომ ვათამაშებ. ახლა ხომ მიხვდით, რატომაც ვათამაშებ სულ ლუკაკუს?”
ბევრი გულშემატკივარი ასეთივე დაჟინებით ანტონი მარსიალის თამაშს ითხოვდა. „ბრაიტონთან” მარსიალმაც ითამაშა, მაგრამ ისიც გვარიანად უსახური იყო.
მოურინიუ: „ახლა ხომ ხედავთ, რატომ არ თამაშობს ზოგი ფეხბურთელი ყველა ტურში. იმედია, ამიერიდან ამ კითხვებს აღარ დამისვამთ”.
19 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან” ელის თამაში და ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ პორტუგალიელს როტაცია, წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაუწყვეტია. მაგრამ, იმ შემადგენლობამ, რომელსაც მან „ბრაიტონის” გამკლავება ანდო, არათუ თამაშის ხარისხით, არამედ მონდომებითაც ვერ მიიპყრეს ყურადღება.
„მეტოქის განწყობა პირველივე წუთებიდან, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, გაცილებით უფრო საბრძოლო იყო ვიდრე ჩვენი. ისინი უფრო ღონიერები ჩანდნენ, გამარჯვება უფრო სწყუროდათ. ვცადე ჩემი ფეხბურთელებისთვის ამეხსნა, რომ მეორე ადგილზე გასასვლელად ოთხი ქულის მოპოვება გვჭირდება და ამიტომ ბრაიტონში მოგება მნიშვნელოვანი იყო. და ჩემთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ როგორც ჩანს მათი გარკვეული ნაწილი ყველაფერს სხვანაირად უყურებს. როგორი განწყობითაც გავიდნენ მოედანზე, ის მიიღეს”, — დასძინა გაბრაზებულმა მოურინიუმ.
„მანჩესტერ იუნაიტედს” ორი თამაში დარჩა, „ვესტ ჰემთან” და „უოტფორდთან”.