ინგლისში მიმდინარე სეზონის ტელე-ჩემპიონი „არსენალია”! სადაცაა 2017-18 წლების საფეხბურთო მარათონი დასრულდება და „მეთოფეებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად სულ მცირე 47 პირდაპირი ეთერი ექნებათ დაგროვებული. ასეთი შედეგით კი ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ დაიკვეხნის.

ჩემპიონს ყველაზე ხშირად სულაც არ უყურებენ

ცნობისათვის: ამ 47 პირდაპირ ტრანსლაციაში არ შედის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა, რომლის ამბავი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თითქოს არსენ ვენგერის 22 წლიანი ეპოქის ბოლო თამაშის პირდაპირ ტრანსლაციაზე საინტერესო რა უნდა იყოს, მაგრამ ტელეკომპანია Sky ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან „ჩელსისა” და „ლივერპულის” ბოლო მატჩები სატურნირო თვალსაზრისით შესაძლოა უფრო სასეირო გამოდგეს. მაგრამ, რომელი გუნდიც არ უნდა აირჩიოს ტელეკომპანიამ, პირდაპირი ტრანსლაციების რაოდენობით „არსენალს” ვერავინ დაეწევა.

ამთავითვე ცნობილია, რომ მეორე ადგილზე 45 პირდაპირი ტრანსლაციით „მანჩესტერ იუნაიტედი” გავა.

თუ მარტო პრემიერლიგის შეხვედრათა ტრანსლაციებს ავიღებთ, მაშინ „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” თანაბრად იქნებიან — 28 შეხვედრა თითოეულს, მაგრამ ვიმეორებთ, ბოლო ტურის ამბავი ჯერ გადასაწყვეტია.

შემდეგ 42 ტრანსლაციით მოდიან „ჩელსი” და „ტოტენჰემი”, მათ მოსდევს 41 თამაშიანი „ლივერპული” და 40 თამაშიანი „მანჩესტერ სიტი”.

ბოლო ადგილზე 6 პირდაპირი ტრანსლაციით „ბარნლი” მოდის, არადა მეშვიდე ადგილზეა.