ფაქტი მხარეებმა უკვე დაადასტურეს. კონტრაქტი ოთხწლიანია და სეზონის დასრულებისთანავე ამოქმედდება.
საჭიროა იმის შეხსენება, ვინ იყო სტივ ჯერარდი მოედანზე და რა ღვაწლი მიუძღვის „ლივერპულის“ ისტორიაში? „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ზღაპრული ფინალი შეგახსენოთ? ვინ შემოატრიალა პირველი ტაიმის 0:3?
არც ისაა განსამარტი, რას ნიშნავს გლაზგოს „რეინჯერსი“ საკუთრივ შოტლანდიაშიც და ევროპაშიც.
ჯერარდი იმ ფეხბურთელთაგანია, კოჭებშივე რომ ეტყობოდა სამწვრთნელო მომავალი. ბევრი მას პოლ სქოულზს ადარებდა, მაგრამ სტივი არამხოლოდ მასსავით დაუღალავი და ფუტკარივით მშრომელი, საფეხბურთოდ „თავხედიც“ იყო. სხვანაირებს „ლივერპულში“ კაპიტნის სამკლავურს არც ანდობენ.
კიდევ ერთი: ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ჯერარდი „ლივერპულის“ ჭაბუკთა გუნდს წვრთნიდა, თუმცა, პირდაპირ „რეინჯერსის“ კალიბრიდან დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება დიდ პატივთან ერთად სერიოზული გამოწვევა და რისკიცაა.