რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი” აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან” ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს დაეუფლენ, 2013-ში დორტმუნდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან” დამარცხდნენ 1:2. შემდეგ იყო „ლივერპული”. ცხადია, მერსისაიდელთა წლევანდელ მიღწევაში — ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში (და ჯერ კიდევ კაცმა არ იცის ფინალი როგორ დამთავრდება) — ბუვაჩს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
„შპორტბილდი” განუყრელი მეგობრების შესახებ „შალკეს” აღმასრულებელ შეფს, კრისტიან ჰაიდელს გაესაუბრა. ჰაიდელი 1992-2016 წლებში „მაინცის” მენეჯერი იყო და იურგენ კლოპი ფეხბურთელიდან მწვრთნელად სწორედ მის ხელში ჩამოყალიბდა. ჰაიდელმა თქვა, რომ მანაც არ იცის რა მოხდა კონკრეტულად კლოპსა და ბუვაჩს შორის, მაგრამ წყვილის პორტრეტი რამდენიმე საინტერესო შტრიხით შეავსო.
კლოპისა და ბუვაჩის ურთიერთობის შესახებ: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც კლოპი და ბუვაჩი ერთად აღარ იმუშავებდნენ. მე ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენია. რა შემიძლია გითხრათ… ორივე ძალიან ემოციური ადამიანია. ჯერ კიდევ მაინცში, როდესაც ოთახში შევიდოდნენ და რაიმე საკითხზე კამათს იწყებდნენ, ისეთი ღრიალი ტყდებოდა, რომ იფიქრებდი სადაცაა რომელიმე მათგანი კარს გამომატვრევს, მეორე კი იმ ოთახიდან ვეღარასოდეს გამოვაო, მაგრამ მერე ყველაფერი წყნარდებოდა და ისინი ხელიხელგადახვეულები ლუდის დასალევად მიდიოდნენ.
ბუვაჩის ამბიცია: სანამ „მაინცში” კლოპის ასისტენტად ავიყვანდი, ბუვაჩი „ნოიკირხენის” მთავარი მწვრთნელი იყო. მას მერე თითქმის 20 წელიწადია ის ფეხბურთში მხოლოდ ერთ, ასისტენტის საქმეს აკეთებს და ამ ხნის განმავლობაში მთავარი მწვრთნელობის ამბიცია არასდროს გასჩენია. ბუვაჩი ბუნებით არ არის ის ადამიანი, რომელიც ავანსცენაზე დადგება. ასეთი ყოველთვის კლოპი იყო, ბუვაჩს კი ტვინს ეძახდნენ და ასრულებდა კიდეც ტვინის ფუნქციას. კლოპი და ბუვაჩი როგორც სპეციალისტები და როგორც პიროვნებები ერთმანეთს შესანიშნავად ავსებდნენ.
სად წავა: ახლა გამოჩნდება რა ნაბიჩს გადადგამს ჟელკო ბუვაჩი. შესაძლოა დამოუკიდებლად სცადოს რომელიმე გუნდის გაძღოლა, თუმცა შესაძლოა სხვა რომელიმე მწვრთნელის ასისტენტიც გახდეს. მაგრამ, ვფიქრობ ამ შემთხვევაში თავიდან გაუჭირდება. კლოპთან ძალიან შეწყობილი იყო.