სესარ მენოტის გამონათქვამები რომ ჩაათვალიეროთ, ნახავთ, რომ ყველაზე საინტერესონი დღევანდელ ფეხბურთს კიდეც ერგება და არც ერგება, მაგრამ მათში საინტერესო ნამდვილად ბევრია. ასეთია, მხცოვანი მწვრთენლის აზრი ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც: გვარდიოლა ფეხბურთის ნამდვილი რეოვლუციონერი და ჩე გევარააო.
რევოლუციონერის წესი ასეა, რომ ის ან იგებს, ან აგებს და იღუპება, მაგრამ დიდი ცვლილების გზას კი არ გადავაო. მენოტის აზრით, ბოლო ათ წელიწადში არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია იმხელა გავლენა თამაშზე, რამხელაც გვარდიოლას და სწორედ მან შეცვალა მსოფლიო ფეხბურთის სახე.
იქვე მენოტი აღწერს, რა უნდა გვარიდიოლას მინდორზე. ალბათ ის, რაც ყველა მწვრთნელს დღევანდელ ფეხბურთში: სივრცის პყრობა, ბურთის ფლობა და დროის კონტროლი. უბრალოდ, ამის მისაღწევად ყველას თავისი გზა აქვს. მენოტი ამბობს, რომ გვარდიოლა თავის გზას არასდროს გადავა.
გვარიდოლას ფეხბურთის არსი ჯერ მისი ფეხბურთელობიდან მოდის, რომელსაც ალბათ ლა მანსიას ყმაწვილთა აკადემიის ხელწერა განსაზღვრავდა, მერე იოჰან კრუიფის მიერ „ბარსელონას“ მწვრთნელობა, რომლის ხელქვეითაც გვარიდიოლამ საუკეთესო სეზონები გაატარა და მერე კი მისი სამწვრთნელო იდეალისგან, რომელიც მარსელო ბიელსა გახლავთ, მაგრამ ეს სასახელო და გამორჩეული მემკვიდრეობაც და ბიელსას ტრენდული ფიგურაც სამხრეთის მწვრთნელთა ახალ თაობაში, გვარდიოლას დიდ მწვრთნელად არ აქცევს.
ასეთი მისწრაფებებისა უამრავია. სხვათა შორის, არც ის აქცევს გვარდიოლას „ფეხბურთის სახის შემცვლელ“ ადამიანად, რომ თავიდნავე დიადი კლუბის, ზღაპრული შემადგენლობის მწვრთნელი გახდა და თავიდანვე ისეთი საძირკველი ჰქონდა, რომ რაღაცას მაინც მიაღწევდაო. ასეთებიც ვიცით. საქმე მისი დამოკიდებულებაა, უფრო ხმამაღლა ფილოსფია. ანუ, იმისგან რაც უყვარს, მან თავისი გააკეთა.
პელეს საფეხბურთო გამონთქვამებზე, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მან ერთხელ ძალიან მაგარი რამე თქვა: ხალხს გონია, რომ ბურთი იმისთვისაა, რომ დაარტყა, ათრიო და გაიტანოო, მე კიდევ ყოველთვის, ბურთს, როგორც ღვთაებას ისე ვექცეოდიო, ვეფერებოდი, ვურთხილდებოდი და ვთვლიდი, რომ მთავარი ისაა და არა მეო.
ამას გვარიდოლაც გაიმეორებდა.
ფეხბურთის უძველესი არსი რომ გავიხსენოთ, ვიტყვით, რომ გუნდი ბურთის გარშემო იკრიბება და იმიტომ იკრიბება, რომ ითამაშოს. მოთამაშეებს უყვართ ბურთი და იმიტომაც თამაშობენ, რომ ბურთი უნდათ და ბურთთან უნდათ. მეორე მხრივ, ბურთი დიდი პასუხისმგებლობაა. მისი ერთი კაცის ფეხზე ყოფნა წამებში სახიფათოდ იქცევა მისი გუნდისთვის. მაგრამ წინ და უკან უბურთოდ სირბილიც მთლად საშინელებაა და კიდევ მეტი ხიფათია.
ჰოდა, გვარდიოლას ფეხბურთის არსი ისაა, რომ მოდი, ბურთი ყოველთვის ჩვენ გვქონდეს. ამას კი ისე ვეცადოთ, რომ სწრაფად გადავაწოდოთ ერთმანეთს, ისე რომ დაკარგვის ხიფათი ავიცილოთ. ხოლო, თუ დავკარგავთ, ისე უნდა ვქნათ, რომ უსწრაფესად დავიბრუნოთ. ამით დროც ჩვენია, სივრცეც და მოედანიც და რახან ეს ყველაფერი ჩვენია, ახლა, მოდი, ის გავაკეთოთ, რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს და რისი ოსტატობაც გვაქვს.
როგორც ინგლისელები იტყოდნენ, ფეხბურთი მარტივი თამაშია, რომელიც იმათ გაართულეს, ვინც მეტი იცის.
რა გასაკვირია, რომ ეს ჯეჯრერობით ყველაზე მაგრად გვარდიოლას ბარსელონაში გამოუვიდა. ყველგან და ყოველთვის ამას ეცდება. მენოტიც ამას ამბობს.

წილი
წინა სტატიაჯერარდმა რეინჯერსი მიიღო
შემდეგი სტატიატაციაობა ბარსელონელზე
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.