ჟოზე მოურინიუმ კრიშტიანუ რონალდუს მორიგი დარტყმა მიაყენა — რონალდუებს შორის საუკეთესო ბრაზილიელი ფენომენი იყოო.
მართალია, მოურინიუ და კრიშტიანუ პორტუგალიელები არიან, თანამემამულეები კი როგორც წესი ერთმანეთს აქებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. „განსაკუთრებული” CR7-ს „რეალში” წვრთნიდა და ერთმანეთთან რთული ურთიერთობა ჰქონდათ. 2013 წელს, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კინაღამ ხელითაც გაიწიენ ერთმანეთზე.
ხოლო ბრაზილიელი ფენომენის შესახებ მოურინიუმ სერ ბობი რობსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ილაპარაკა. მოუმ ხომ კარიერა რობსონის თარჯიმნობით დაიწყო და ასისტენტობით განაგრძო. ისინი ერთად მუშაობდნენ „ბარსელონაში” და სწორედ იქ თამაშობდა „კიჭა” ბრაზილიელიც. ასე რომ მოურინიუ მასაც საწვრთნელი ბაზიდან იცნობს.

სერ ბობიზე გადაღებულ ფილმში „პორტუს”, „ჩელსის”, „ინტერის”, „რეალის” და დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ამბობს: „ყველა დროის საუკეთესო რონალდუ, რონალდუ ნაზარიოა!”
სერ ბობი რობსონმა ბრაზილიელი ვარსკვლავი „ბარსელონაში” 1996 წელს „პსვ ეინდჰოვენიდან” 19,5 მილიონ დოლარად გადაიყვანა. ეს თანხა მაშინ მსოფლიოს რეკორდი იყო.
ბრაზილიელმა რონალდუმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სამჯერ მოიპოვა, პორტუგალიელმა კი ხუთჯერ. ამის მიუხედავად, როდესაც მოურინიუ იგონებს იმ სეზონს, რომელშიც „ფენომენმა” 47 გოლი გაიტანა, ის ამბობს:
„ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს მისი კარიერის საუკეთესო წელიწადი იყო. ბობი რობსონი კი მამასავით ეპყრობოდა”.