„ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და… საგანგებო ბანერით შონ კოქსს მიაგო პატივი.
შონ კოქსი ის ირლანდიელი კაცია, რომელსაც პირველი შეხვედრის წინ, ლივერპულში, რომაელმა ხულიგნებმა თავში რაღაც ჩაარტყეს და კომაში ჩააგდეს. ის დღემდე საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავაც კრიტიკულს უწოდებენ.
მერსისაიდელი ფეხბურთელების საქციელი (მათ ხომ ამ საქციელით ფინალში გასვლა ფაქტობრივად თავიანთ მძიმე დღეში ჩავარდნილ გულშემატკივარს მიუძღვნეს) აშკარად სწორი და ვაჟკაცურია. ყველასთვის კარგად არის ცნობილი „ლივერპულის” ჰიმნად ქცეული სიმღერა „შენ არასდროს ივლი მარტო”. ლივერპულელთა ბანერზეც სწორედ ეს ეწერა: „შონ კოქს, შენ არასოდეს ივლი მარტო”.
შემდეგ, გამარჯვებულთა კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა პლაკატი ტრიბუნაზე გულშემატკივრებს მიუტანა და გადაულოცა.
იმედია, შონ კოქსი გამოჯანმრთელდება და ამ ბანერის 26 მაისს კიევში წაღება აღარ იქნება საჭირო.