ყველაზე საშინელი საფეხბურთო ისტორია 1985 წლით თარიღდება.
მაშინ „იუვენტუსმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი და „ლივერპულს“ იგივეს მეხუთედ გაკეთება არ დაანება. ერთადერთი გოლი პენალტიდან მიშელ პლატინიმ გაიტანა.
ბრიუსელის სტადიონ „ეიზელზე“ ტრაგედია უკვე ორი საათის მომხდარი იყო. პლატინი და მისი თანაგუნდელები იტალიაშიც კი კრიტიკით დაცხრილეს გამარჯვების მეტისმეტად ემოციურად აღნიშვნის გამო.
„ჩვენ შური ვიძიეთ ჩვენი გარდაცვლილი ქომაგების გამო“ – მოუზომავად სასტიკი აღმოჩნდა პლატინის კომენტარი.
ჩამონგრეულ ტრიბუნას 39 ქომაგი ემსხვერპლა, ოთხასამდე კი დაშავდა.
დაღუპულთაგან უმეტესობა იტალიელი (32) აღმოჩნდა, 4 ბელგიელი, 2 ფრანგი და ერთი ირლანდიელი.
ორგანიზატორებმა გუნდების ფანები საპირისპირო ფეხზე სადგომ ტრიბუნებზე განათავსეს. გაინტერესებთ, რამდენი პოლიციელი იცავდა წესრიგს?
25!!!
მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, როგორ მოხვდნენ ინგლისელთა მეზობელ სექტორში იტალიელები – ყალბი ბილეთები იტალიაში აღმოჩნდა დამზადებული და უმეტესობა ბელგიაში მომუშავე იტალიელ მიგრანტებს ერგოთ.
მოკლედ: გაჩაღდა ჩხუბი და როცა რიცხვმრავალმა ინგლისელებმა იძალეს, იტალიელები მისიანების ტრიბუნას მიაწყდნენ.
ტრიბუნამ ვერ გაუძლო.
„ლივერპული“ არ აპირებდა თამაშს. ფაქტობრივად, გასახდელში შესულმა ბრიუსელის პოლიციის შეფმა აიძულა.
უეფას ვერდიქტი მკაცრი იყო.
ყველა ინგლისური კლუბი ხუთი, „ლივერპული“ კი რვა წლით (მერე ექვსამდე შეუმცირეს) ჩამოაშორეს ევროტურნირებს.
თან როგორი „ლივერპული“: გრობელაარის, ფილ ნილის, ჯიმ ბეგლინის, ალან ჰანსენის, კენი დალგლიშის, იან რაშის…
ისე, მაშინდელ „იუვენტუსს“ ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა და ჩეზარე პრანდელი სათადარიგოთა სკამს ეხუტებოდა.
2005 წელს ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ.
„ენფილდზე“ ინგლისელებმა ბანერი Amicizia (მეგობრობა) გამოფინეს, რასაც იტალიელმა ფანებმა მოედნისთვის ზურგის შექცევით უპასუხეს.
იმ წელს ლივერპულელებმა იტალიელებსაც მოუგეს და ჩემპიონთა ლიგაც ტრიუმფით დაასრულეს.
მეტად აღარ შეხვედრიან…