
მე-9 ტურით ეროვნული ლიგის პირველი წრე დამთავრდა. გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა „სამტრედია“ გიორგი დიასამიძის გოლით დაამარცხეს და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნეს. დაკარგული ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა, საბურთალოელებს თანაქალქელ „დინამოსთან“ ერთად თანაბარი ქულები მოეგროვებინათ და მხოლოდ ნაკლები გატანილი ბურთების უარესი ბალანსის გამო ჩამორჩებოდნენ.
პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატს მართლაც ღირსეული ლიდერი ჰყავს. ისინი ხომ ცხრიდან შვიდ ტურში ედგნენ სათავეში სატურნირო ცხრილს.
„საბურათალო“ შარშანაც სიმპათიური გუნდი გახლდათ, ერთი ხანი ლიდერებშიც ტრიალებდა, მაგრამ ეგაა, სტაბილურობა აკლდა და ბოლოს მეოთხე ადგილს დასჯერდა. სეზონის დასაწყისში გუნდი ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა და ლაშა შინდაგორიძემ დატოვა. განსაკუთრებით შვედეთში წასული ხარაიშვილის გამოკლება იყო პრობლემური, ის ხომ წლების განმავლობაში საბურთალოელთა გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდილება მეტი დაუგროვდათ და გუნდურადაც უკეთ ათამაშდნენ. არც არის გასაკვირი, საბურთალოს ხომ ერთ-ერთი ყველაზე გამართული ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი აქვს საქართველოში. შდეგიც სახეზეა.
აი, სამტრედიელებს კი უკვე ექვსი ტურია გოლი არ გაუტანიათ და თუ გავიხსენებთ, რომ სულ 9 ტურია ნათამაშები, ძალიან ცუდი შედეგი გამოდის. მათ ყველაზე ნაკლები – 3 გოლი აქვთ ჩემპიონატში გატანილი დაა ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან, რაც ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის ერთობ უცნაური შედეგია. მწვრთნელიც შეცვალეს, უჩა სოსიაშვილი ბადრი კვარაცხელიამ ჩაანაცვლა, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი არ ჩანს.

რთული გასვლა ჰქონდა თბილისის „დინამოს“ გორში. „დილა“ კერკეტი გუნდია და იოლად არავის არაფერს უთმობს. შედეგიანობაც ცუდი არ აქვს და ლიდერთან შეხვედრა, ცხადია, მათთვის განსაკუთრებული იყო. დაძაბულობამ თავისი გაიტანა და მსაჯმა ჯენერ ხორავამ ორივე გუნდიდან გააძევა თითო მოთამაშე. ორი ყვითელი ჯერ გორელმა ლუკა რაზმაძემ მიიღო, თანაც სამი წუთის ინტერვალში, შემდეგ კი დინამოელმა ლაშა თოთაძემ. ეს ეპიზოდი ცალკე განსახილველია: ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა დინამოელთა საჯარიმოში მასპინძელთა უკრაინელი შემტევი მიკოლა კოვტალიუკი სტუმართა ჭაბუკ მეკარეს დემეტრე ბულისკერიას ეუხეშა. ბულისკერიას თოთაძე გამოესარჩლა და კოვტალიუკს გაექაჩა. მცირე შეხლა მშვიდობიანად დამთავრდა. ამ დროს არბიტრმა საფინალოდაც ჩასტვინა, თუმცა მინდორზე ვითარება ისევ აირია. შედეგად ხორავამ თოთაძე გააძევა, ხოლო კოვტალიუკსა და ბულისკერიას ყვითლები უჩვენა. ამ დროს ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სტუმარმა ქომაგებმა მოედანზე ბოთლები ისროლეს, შემდეგ კი სკამები დაამტვრიეს, რასაც ადგილობრივ მაყურებლებთან დაპირისპირებაც მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა. დინამოელთა გულშემატკივრები სტადიონის ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა. საბედნიეროდ, არავინ დაშვებულა.

ამასობაში ლიდერებს „ჩიხურა“ წამოეწია. საჩხერელებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან მესამე მოიგეს და „საბურთალოს“ ოდენ სამი ქულით ჩამორჩებიან. ამჯერად მათ „სიონი“ დაამარცხეს. ჩემპინატის საუკეთესო მეგოლე გიორგი გაბედავამ ჯერ ირაკლი ბუღრიძეს გაატანინა, შემდეგ კი მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა. თუმცა ამ ეპიზოდში მსაჯი პაპუნა მაჭარაძე შეცდა, ბოლნისელმა გურამ გიორბელაძემ გაბედავა მანამდე წააქცია, სანამ ის საჯარიმოში შეიჭრებოდა.
სხვათა შორის, ბუღრიძე ვახსენეთ და 20 წლის ექს-ლოკომოტიველი, რომელიც აღნაგობითაც და თამაშის სტილითაც გიორგი დემეტრაძეს წააგავს, ძალიან კარგ მატჩებს ატარებს.
გასულ ტურში „დინამოსთან“ განადგურების შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ ზესტაფონში „ტორპედოს“ ტოლი არ დაუდო ფრედ ეთამაშა. საინტერესოა, რომ ჩემპიონმა ქუთაისელებმა ბოლო ოთხ მატჩში რვა ქულა გაანიავეს.
„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და მყარად დადგა ბოლო ადგილზე. ამჯერად „რუსთავმა“ ბექა მიქელთაძის დასაწყისშივე გატანილი გოლით მოუგო. მათ დამრიგებელ ლაშა ჭაღიაშვილს კი მართლაც ძალიან სერიოზული დაფიქრება მართებს.
მეცხრე ტურში გოლების გვალვა დადგა. ხუთ მატჩში ფეხბურთელებმა სულ რვა გოლი გაიტანეს.
IX ტური კოლხეთი 1:1 ტორპედო, საბურთალო 1:0 სამტრედია, სიონი 0:2 ჩიხურა, დილა 1:1 დინამო, რუსთავი 1:0 ლოკომოტივი
X ტური
5 მაისი: სიონი – საბურთალო, კოლხეთი – ჩიხურა
6 მაისი: სამტრედია – ლოკომოტივი, რუსთავი – დინამო, დილა – ტორპედო
მეგოლეები ბუდუ ზივზივაძე (დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 6, ოთარ კიტეიშვილი (დინამო) -5, ალვინ ფორტესი (დილა) -4