როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა.
გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009 წელს, როდესაც სერ ალექსი ჯერ კიდევ „წითელ ეშმაკებს” წვრთნიდა და „იუნაიტედმა” დაძაბულ დერბიში 3:2 გაიმარჯვა, ფერგიუსონმა თქვა:
„ხანდახან ადამიანს ხმაურიანი მეზობლები ჰყავს. ამას ვერაფერს უზამ. ისინი ყოველთვის იხმაურებენ. უნდა შეეგუო და ტელევიზორს რომ ჩართავ, ხმას უნდა აუწიო”.
მაგრამ, დიდებულმა შოტლანდიელმა რომელიც ახლა 76 წლისაა, ძლიერი მეტოქის დაფასებაც იცის და 47 წლის გვარდიოლას, რომელმაც „ბარსელონას” მწვრთნელობის დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ მოუგო, მეგობრობის ხელი გაუწოდა.
ფერგიუსონთან დაახლოებულმა ადამიანმა „სანს” უთხრა: „სერ ალექსი ძალიან ხელგაშლილი და საყვარელ სახეობაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მას ფეხბურთზე ლაპარაკი უყვარს და აფასებს იმას, რაც პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგას შეჰმატა; იმის მიუხედავად, რომ ამჯერად გვარდიოლას „სიტიმ” „იუნაიტედს” ჩემპიონობა წაართვა. დღეს, მწვრთნელობიდან გადამდგარი ფერგიუსონი მოვლენებს გარედან უყურებს, სურათს მთლიანობაში აღიქვამს და სხვა დიდ საფეხბურთო მოაზროვნეებთან საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა იტაცებს. ეს პირველი შემთხვევა არ არი, როდესაც სერ ალექსი და პეპი ერთად სადილობენ”.