მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მესამედ, ბოლო ხუთ წელიწადში კი მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ბეწვის ხიდის გავლით წავა კიევში, სადაც ფინალია დაგეგმილი და სადაც, ალბათ, „ლივერპულს“ ნახავს.

ტაბლო მომენტებს არ თვლის, თორემ ორივე თამაშში ერთად აღებული მომენტები რომ დავთვალოთ, „ბაიერნმა“ იმდენი შექმნა, ათ მატჩს ეყოფოდა. რონალდოობა კარიმ ბენზემამ ითავა და ორი გოლი გაიტანა, ოღონდ აქედან ერთი ხონჩით მიართვა ბავარიელთა მეკარემ. ჰოდა, ორი თანაბარი გუნდი როცა ხვდება, იქ თითო პაწაწკინტელა შეცდომასაც კი ოქროს ფასი აქვს.

მიუნხენში რაფინიაო, მადრიდში მეკარეო… თანაც, უხეშ შეცდომებზეა ლაპარაკი… „რეალი“ კი მსოფლიოში ყველაზე მაგრად იყენებს ამ იაღლიშებს.

აბა, ეგეც მეკარეა და კეილორ ნავასიც? კოსტარიკელი კატასავით დახტოდა და ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა, რომ დღეს „რეალმა“ არ წააგო.

ჰო, ისე, რობერტ ლევანდოვსკის „რეალში“ გადასვლაზე წელიწადზე მეტია ლაპარაკობენ და ემანდ, უკვე ხომ არ გადავიდა კიდეც?

მადრიდი. სანტიაგუ ბერნაბეუ

რეალი 2:2 (4:3) ბაიერნი

გოლები: 0:1 კიმიხი (3), 1:1, 1:2 ბენზემა (11, 46), 2:2 როდრიგესი (63)

რეალი: ნავასი, ლუკას ვასკესი, კოვაჩიჩი (კაზემირო 73), რამოსი, მარსელო, ვარანი, ასენსიო (ნაჩო 88), რონალდო, კროოსი, ბენზემა (ბეილი 72), მოდრიჩი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა, ალკანტარა, ტოლისო (სანდრო ვაგნერი  74), რიბერი, როდრიგესი (მარტინესი 84), მიულერი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გაფრთხილება: მოდრიჩი (62), ლუკას ვასკესი (65), ვარანი (88), კაზემირო (89)

მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)